19 ნოემბერი 2024,   07:37
ვრცლად
ივერ მელაშვილის სახლსა და ოფისში ჩხრეკა დასრულდა

დავით-გარეჯის კომისიის ყოფილი წევრის, ივერ მელაშვილის ოფისსა და საცხოვრებელ სახლში ჩხრეკა დასრულდა. სამართალდამცველები იმყოფებოდნენ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროშიც, ივერ მელაშვილის სამუშაო კაბინეტში. ის უწყების მეზობელი ქვეყნების დეპარტამენტის სასაზღვრო ურთიერთობების სამსახურის უფროსია. მელაშვილის ინფორმაციით, რომელიც 23 წელი, 1995 -იდან 2018 -მდე კომისიის წევრი იყო, სამართალდამცველებმა ამოიღეს კარტოგრაფიული მასალები.

"ჩხრეკა ჩაატარეს სახლში, შემდეგ სამუშაო ოთახში. ყველანაირ მასალას ეძებდნენ, წაიღეს უამრავი მასალა შესწავლის მიზნით. მოგეხსენებათ, რომ პროკურატურას აღძრული აქვს საქმე და დაწყებულია გამოძიება. რუკები, შეთანხმების ოქმები, სხვადასხვა ისტორიული დოკუმენტები. განახორციელეს ჩხრეკა და არ ვიცი შემდგომ რა მოქმედებები ექნებათ. ის შემიძლია ვთქვა, რომ რაც ამ ბოლო დროს გავრცელდა, რომ ფართობების გადაცემა და რაღაცის დათმობა აზერბაიჯანის სასარგებლოდ, ამისთანა რამ გამორიცხულია. არც ძველ კომისიაში მომხდარა ასეთი და არც ახალში, იმედია, არ მოხდება ამისთანა. წარმოუდგენელია,"-განაცხადა ივერ მელაშვილმა. 

ივერ მელაშვილი ამბობს, რომ ქართული მხარე 1938 წლის რუკებით ხელმძღვანელობდა. ამიტომ, მისთვის პროკურატურის მიერ გავრცელებული ვერსია გაუგებარია.

"1938 წლის რუკა, ეს არის ამიერკავკასიის რესპუბლიკა რომ დაიშალა, 1936 წლის კონსტიტუციით, 1938 წელს მოხდა ამ რესპუბლიკებს შორის საზღვრების შეთანხმება, დამტკიცება. ეს ასლი ინახებოდა, დედანთან სწორია ეს დოკუმენტი, რადგან მოგვიანებით წლებში ამიერკავკასიის ერთი ტერიტორიალური ინსპექცია იყო და ის იყო პასუხისმგებელი საზღვრებზე. შემდგომ წლებში, როდესაც მოხდა ამ ერთი ტერიტორიალური ინსპექციის დაშლა სამად, ერთი აზერბაიჯანში, ერთი სომხეთში და ერთი საქართველოში დარჩა, ამ დროს მოხდა მასალის გადანაწილება. შესაბამისად, ეს მასალა, რაც შეეხება უშუალოდ რუკას, ხელმოწერილი რაც არის და დოკუმენტურად რაც არის გაფორმებული, ისეთნაირად ყარეს წილი, რომ პასუხისმგებლობები რომ გაინაწილეს, ეს მოხვდა სომხეთში,"-განაცხადა ივერ მელაშვილმა. 

დღის ამბები