მთავრობის ადმინისტრაციასთან ყარაბაღში ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით, EMC-ს ორგანიზებით სამშვიდობო აქცია გაიმართა. აქციის მონაწილეებმა დაგმეს ომი და ორივე ქვეყანას მშვიდობისკენ მოუწოდეს.
"აქციის მონაწილეები მოვუწოდებთ, ერთი მხრივ სომხეთსა და აზერბაიჯანს შეწყვიტონ ომი და არსებული კონფლიქტის პოლიტიკური მოლაპარაკებების გზით გადაწყვეტაზე იფიქრონ. ამავდროულად, მოვუწოდებთ საქართველოს მთავრობას, მიიღოს უფრო ქმედითი ნაბიჯები სამშვიდობო დიალოგის ხელშეწყობისთვის და ამავდროულად, მიიღოს ნაბიჯები, რომ ჩვენს ქვეყანაში სომხურ და აზერბაიჯანულ თემებს შორის მშვიდობის პოლიტიკა კიდევ უფრო მეტად გავრცელდეს“ - განაცხადა ადამიანის უფლებების სწავლებისა და მონიტორინგის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორმა თამთა მიქელაძემ.
შექმნილ ვითარებაში ერთადერთ გამოსავალს სამშვიდობო მოლაპარაკებებში ხედავს არასამთავრობო ორგანიზაცია ”თეთრი ხმაურის მოძრაობის” წევრი ბექა წიქარიშვილი.