24 საათში 453 ახალი შემთხვევა. დღეს გარდაცვლილი 5 ადამიანის ჩათვლით, სულ კორონავირუსის დიაგნოზით საქართველოში უკვე 46 დაღუპულია.
აჭარის შემდეგ დღეს ყველაზე მეტი მაჩვენებელი თბილისშია. 78 ახალი ინფიცირებული, მათ შორის ერთ-ერთ ეკლესიაში, სადაც ტაძრის წინამძღვარს, მრევლსა და სტიქაროსნებს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ეკლესია 10 დღით დაიკეტა.
კორონავირუსით ინფიცირებულთან ახლო კონტაქტში მყოფი ადამიანი ყოველგვარი გამოკვლევის გარეშე სასწრაფო 14 დღიან იზოლაციას დაექვემდებარება.
ეპიდემიოლოგები სკოლების გახსნის შემდეგ COVID-19-ის შემთხვევების კიდევ უფრო მეტ შემთხვევას ელოდებიან.
კორონავირუსის შემთხვევები ყოველდღიურად იზრდება, თუმცა მთავრობაში ამბობენ, რომ შეზღუდვების დაწესება დღის წესრიგში არ დგას. როგორც საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ითქვა, მოწოდება "დარჩი სახლში" ისევ დღის წესრიგში დაბრუნდა.
დღეს საქართველოში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელებულთა რიცხვი 295-ით გაიზარდა. მთლიანობაში, უხილავი მტერი 3 714 ადამიანმა დაამარცხა.