19 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
"ნამდვილად არ ვართ დამნაშავეთა რიგებში" - საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება 

გენერალურ პროკურატურაში, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის სადავო მონაკვეთთან დაკავშირებით გამოკითხვები გრძელდება. დავით გარეჯელი სასულიერო პირების შემდეგ გამომძიებლის კითხვებს პასუხები სადემარკაციო-სადელიმიტაციო კომიიის ყოფილმა წევრებმა გასცეს.

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დემილიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი გამომძიებლების კითხვებს, დაახლოებით, 7 საათის განმავლობაში პასუხობდა. საგამოძიებო უწყების დატოვების შემდეგ განაცხადა, რომ  კითხვები ეხებოდა მისსა და კომისიის კიდევ ერთი ყოფილი წევრის, ნატალია ილიჩოვას ოფისებსა და საცხოვრებელ ბინებში ჩატარებული ჩხრეკის შედეგად ამოღებულ დოკუმენტაციას.

ივერი მელაშვილის მტკიცებით, საქმე ეხება არა 1938 წლის რუკას, არამედ 1936-37 წლებში შედგენილ რუკას. გამოძიებას აინტერესებდა, რატომ არ იყენებდა კომისია სამუშაო პროცესში აღნიშნულ წლებში შედგენილ რუკას.   

“ის რუკა-მასალა, რაც პროკურატურის მიერ გაცხადებულია, რომ თავდაცვამ პრეტენზიები წარმოადგინა, ეს ძირითადში არის ის 200-ათასიანი მასშტაბის რუკა, რაზეც ლაპარაკია, რომ თითქოს ამით საქართველო რაღაცას მოიგებს. ჩემი განმარტება იყო, რომ არ შეიძლება მეორე მხარესთან საერთოდ საუბარი არასრულყოფილი მასალით. ის მასალა არის არასრულყოფილი, შეუთავსებელი სხვა რუკებთან და შესაბამისად, მიუღებელია. ეს რუკა არსებობს, ეს რუკა კომისიის ექსპერტთა ჯგუფს ანალიზი გაკეთებული აქვს, შესაბამისად, იმიტომაც არის რაღაც მასალა, რომელიც გამოუყენებადია. არ არის არგუმენტირებული. მე მგონია, რომ ის, ვისთანაც ერთადაც გვიმუშავია და ვინც ვმუშაობდით, ნამდვილად არ ვართ არც დამნაშავეთა რიგებში და არც იმის ღირსი, რომ ტალახი ესროლოს ვიღაცამ. საბოლოო შედეგი ალბათ ის იქნება, რომ არჩევნები გადაივლის და ყველაფერი დაწყნარდება,“ - განაცხადა ივერი მელაშვილმა. 

საგამოძიებო უწყებაში იმყოფებოდა კომისიის კიდევ ერთი ყოფილი წევრი. ნატალია ილიჩოვამ შენობის დატოვების შემდეგ მედიასთან კომენტარი არ გააკეთა. 

დღის ამბები