ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე დებატების გამართვა საჭიროდ აღარ ჩათვალა და 2021 წლის მარტამდე საქმის განხილვას აღარ დაუბრუნდება. ამის შესახებ ინფორმაციას იუსტიციის სამინისტრო ავრცელებს.
უწყების ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ მერაბიშვილის საქმეზე წარდგენილი ინფორმაცია და აღსრულების პროცესი დებატების გარეშე შეაფასა.
"კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. ყველა სხვა ასპექტი, როგორიცაა მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება, დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი"- აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.
"მინისტრთა კომიტეტმა საკმარისად ჩათვალა საქართველოს მთავრობის მიერ წარდგენილი ინფორმაცია და ამ საქმეზე დებატები უკვე აღარ გამართულა. გადაწყვეტილებაში აღნიშნულია, რომ საქართველოს საგამოძიებო ორგანოების მიერ განხორცილდა არა ერთი საგამოძიებო მოქმედება. დადებითად შეაფასა ის გარემოება, რომ გამოძიების პროცესში არის ჩართული და გამოძიების მასალებზე წვდომა აქვს როგორც სახალხო დამცველს, აგრეთვე მომჩივნის ადვოკატს. რაც არის მნიშვნელოვანი იმისათვის, რომ გამოძიების შედეგებს ჰქონდეს სანდოობა. მინისტრთა კომიტეტი ზედამხედველობას ახორციელებს მხოლოდ ერთ ეპიზოდზე. ეს არის საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდი. ყველა სხვა საკითხი კი, როგორიც არის დაკავების თუ პატიმრობის კანონიერება, დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდან მოიხსნა, რამდენადაც მინისტრთა კომიტეტმა გაიზიარა საქართველოს მთავრობის პოზიცია, რომ არ არსებობდა რაიმე წინა პირობა მომჩივნის ვადაზე ადრე გათავისუფლების თაობაზე. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, მინისტრთა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ მერაბიშვილის საქმეს, 2021 წილს მარტამდე აღარ დაუბრუნდება,“ - განაცხადა იუსტიციის სამინისტროს საერთაშორისო სასამართლოებში სახელმწიფო წარმომადგენლობის დეპარტამენტის უფროსმა, ბექა ძამაშვილმა.