ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის გადაწყვეტილებას, რომლის თანახმადაც, კომიტეტმა ვანო მერაბიშვილის საქმეზე დებატების გამართვა საჭიროდ აღარ ჩათვალა და 2021 წლის მარტამდე საქმის განხილვას აღარ დაუბრუნდება, "ფეისბუქით" ვანო მერაბიშვილი გამოეხმაურა.
"ევროსაბჭოს მინისტრთა კომიტეტმა გუშინდელ სხდომაზე გადაწყვეტილება მიიღო ციხიდან გაყვანის ფაქტზე მიმდინარე გამოძიების შესახებ, რის გამოც, პირველად სტრასბურგის სასამართლოს ისტორიაში, დიდმა პალატამ დაადგინა ევროკონვენციის მე-18-ე მუხლის დარღვევა და პოლიტპატიმრად მაღიარა,"-წერს ვანო მერაბიშვილი.
მისი თქმით, კომიტეტმა ხაზი გაუსვა ამ მუხლის დარღვევის სიმძიმეს, წუხილი გამოთქვა საქართველოს ხელისუფლების მიერ რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობის გამო და მოუწოდა მას გულმოდგინედ და დროულად ჩაატაროს ფართომასშტაბიანი გამოძიება, რათა დაადგინოს და დასაჯოს დარღვევისთვის პასუხისმგებელი პირები.
უწყების ცნობით, ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტმა საკმარისად მიიჩნია საქართველოს მთავრობის მიერ მერაბიშვილის საქმეზე წარდგენილი ინფორმაცია და აღსრულების პროცესი დებატების გარეშე შეაფასა. კომიტეტის ზედამხედველობა შეეხება მერაბიშვილის საქმის მხოლოდ ერთ ასპექტს – საკნიდან შესაძლო გაყვანის ეპიზოდს. ყველა სხვა ასპექტი, როგორიცაა მისი დაკავებისა და პატიმრობის კანონიერება, დღის წესრიგიდან ჯერ კიდევ 2018 წლიდანაა მოხსნილი, აღნიშნულია იუსტიციის სამინისტროს განცხადებაში.