ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი ნათია თურნავა კომპანია "ეფკოს“ ლურჯი მოცვის საინვესტიციო პროექტის პრეზენტაციას დაესწრო. შპს "ეფკო“ ფლობს და მართავს 32 ჰექტარ ლურჯი მოცვის პლანტაციას გურიაში, დაბა ლაითურში.
კომპანიამ ლურჯი მოცვის გაშენება 2012 წელს დაიწყო, 2016 წელს სს საპარტნიორო ფონდის ინვესტიციის შედეგად გაფართოვდა და ქვეყანაში ყველაზე ფართომასშტაბიანი ლურჯი მოცვის პლანტაცია გახდა.
საქმიანობის გაფართოების მიზნით, კომპანია მომავალი ხუთი წლის განმავლობაში 9 მილიონი აშშ დოლარის ინვესტირებას გეგმავს. ამ ინვესტიციის შედეგად, უშუალოდ პლანტაციის გაშენების გარდა, შპს "ეფკო“ აპირებს საკუთარი საწარმო აღჭურვოს უახლესი "პოსტ-ჰარვესტ“ ინფრასტრუქტურით, რომელიც უზრუნველყოფს კომპანიის ნაწარმის უმაღლეს ხარისხსა და მდგრადობას.
"ეფკოს“ მმართველი ქართული მულტი-პროფილური საინვესტიციო კომპანია "ფორსაიტ ინვესტმენტ გრუპია“, რომლის მიზანი რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ლურჯი მოცვის მეწარმე, საერთაშორისო დონის აგროკომპანიის შექმნაა. კომპანიას ამ ეტაპზე სეზონურად 400 ადამიანი ჰყავს დასაქმებული, ინვესტიციის განხორციელების შემდეგ კი მუდმივად დასაქმებულთა რაოდენობის 100-მდე, სეზონურად კი 3 000-მდე გაზრდას გეგმავს.