05 მაისი 2024,   13:14
ვრცლად
მე ვესაუბრე არაერთ ევროპელ ლიდერს, მათ იციან, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანს არ დაურღვევია - ილჰამ ალიევი

"კურიერი" ცდილობს, კონფლიქტი აზერბაიჯანის მხრიდანაც გააშუქოს, თუმცა, ჩვენ ამ დრომდე ველოდებით დასტურს ოფიციალური უწყებებისგან, რომ ჩვენს გადამღებ ჯგუფს ქვეყანაში შესვლის ნებართვა მიეცეს. ოფიციალური ბაქო ავრცელებს ინფორმაციას, რომ სომხეთის შეიარაღებული ძალების შეტევას 20-ზე მეტი მშვიდობიანი მოქალაქე ემსხვერპლა.

აზერბაიჯანი სომხეთს საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის ნორმების დარღვევაში ადანაშაულებს.

აზერბაიჯანის პრეზიდენტის, ილჰამ ალიევის განცხადებით, აზერბაიჯანი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას მხოლოდ მას შემდეგ მიიღებს, რაც სომხეთის სამხედრო ძალები აზერბაიჯანის ტერიტორიებს დატოვებენ. 

"საერთაშორისო საზოგადოებამ სომხეთს სანქციები უმდა დაუწესოს, რადგან რაც ხდება, ეს არის სომხეთის დესტრუქციული პოლიტიკის შედეგი. საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან არ ხდება აგრესორზე სათანადო ზეწოლა.

სამმა ქვეყანამ უნდა გააგრძელოს ერთად მუშაობა, თუ ყველა მათგანი ნეიტრალიტეტს შეინარჩუნებს. ეს მნიშვნელოვანია. ჩვენ შეშფოთებული ვართ, რომ ბოლო დღეეებში ვხედავთ ზოგიერთ განცხადებას, რომელიც ნეიტრალიტეტის პოზიციის ერთგვარი ცვლილების დემონსტრირებას წარმოადგენს. როცა ასეთ სენსიტიურ საკითხს ეხები, უნდა იყო ნეიტრალური. აზერბაიჯანი არ მიიღებს იმ ქვეყნის შუამავლობას, რომელიც ნეიტრალიტეტს არ შეინარჩუნებს. მე ვესაუბრე არაერთ ევროპელ ლიდერს. მათ იციან, რომ ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება აზერბაიჯანს არ დაურღვევია, ჩვენ თავს ვიცავდით. რომ არ დაგვეცვა, იქნებოდა უფრო მეტი მსხვერპლი. ერთადერთი პირობა არსებობს - ცეცხლის შეწყვეტა მოხდება მაშინ, როცა მათი სამხედრო ძალები დატოვებენ ჩვენს ტერიტორიებს,"-განაცხადა ილჰამ ალიევმა.

ევროკავშირი კონფლიქტის მონაწილე მხარეებს მთიან ყარაბაღში საბრძოლო მოქმედებების დაუყოვნებლივი შეწყვეტისა და პოლიტიკური დიალოგის განახლებისკენ მოუწოდებს. დღეს მსგავსი შინაარსი განცხადება გერმანიის კანცლერმა ანგელა მერკელმაც გააკეთა. 

"ჩვენ მხარს ვუჭერთ ცეცხლის შეწყვეტის საკითხის რაც შეიძლება მალე მიღწევას. ეს ერთადერთი შესაძლებლობაა მშვიდობიანად ვისაუბროთ ამ რთული პრობლემის მოგვარებაზე და, რა ტქმა უნდა, სამხედრო საშუალებების გამოყენების გარეშე,"-განაცხადა ანგელა მერკელმა. 

შეიარაღებული კონფლიქტი სომხეთსა და აზერბაიჯანს შორის 27 სექტემბერს დაიწყო. ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმების დარღვევაში კონფლიქტის მონაწილე მხარეები ერთმანეთს ადანაშაულებენ. 

დღის ამბები