სტიქიის დროს ხელვაჩაურში დაკარგულ არასრულწლოვანს ისევ ვერ პოულობენ. უბედურების ზონაში, ამ წუთებში, სახანძრო ცისტერნები მუშაობენ - მიმდინარეობს ტერიტორიის წყლის ჭავლით ჩარეცხვა. სამუშაოებს რთული რელიეფი უშლის ხელს.
ადგილზე პარალელურად მიმდინარეობს გეოლოგიური სამუშაოები. სპეციალისტები ტერიტორიას სწავლობენ.
"ჩვენ ვგეგმავთ იმ კონკრეტულ ინფრასტრუქტურულ ღონისძიებებს, რომელიც მიზნად ისახავს სტიქიის შედეგად გამოწვეული შედეგების ლიკვიდაციას და გეოლოგები კიდევ უფრო კონკრეტულად, კიდევ უფრო პროფესიულად ახსნიან თუ რა კონკრეტულ მოვლენებთან გვქონდა საქმე. 2018 წლის დასკვნასაც გეოლოგების სამსახური ნახავს შესაბამისად და დარწმუნებული ვარ, შესაბამისი სამსახურები გასცემენ პასუხს. მე როგორც აქამდე ხაზგასმით აღვნიშნე, თუკი იყო რეაგირების გარეშე რაიმე დარჩენილი, ამას მოჰყვება უმკაცრესი რეაგირება,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
გეოლოგი, საინჟინრო-გეოლოგიური აკადემიის წევრი, ტარიელ ტუსკია ამბობს, რომ უშუალოდ სოფელში ბევრ ადგილას არის მეწყრული პროცესები განვითარებული.
"შესწავლილი არ არის გეოლოგიურად, არც განცხადება ყოფილა დეპარტამენტში შემოსული და არანაირი წინასწარი მოკვლევა და ძიება არ არის ჩატარებული. რაც შეეხება ამ სოფელს, თვითონ ეს ეროზიული სოფელია, ბევრ ადგილებშია მეწყრული პროცესები განვითარებულ და ქედან გამომდინარე, ზოგს აქვს გადაყვანა სხვა უსაფრთხო ადგილზე, ზოგს პრევენციული ღონისძიებები, რომ გააკეთონ და ცხოვრება გაგრძელდეს,“ - განაცხადა ტარიელ ტუსკიამ.