ხელვაჩაურში, მეწყერში მოყოლილი 16 წლის ბიჭის ცხედარი რამდენიმე წუთის წინ იპოვეს მეხანძრე-მაშველებმა. ამ წუთებში ის მიწის მასიდან ამოჰყავთ.
ადგილზე დასრულდა სამძებრო სამუშაოები, მუშაობას აგრძელებს მხოლოდ მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს ტერიტორიის გასუფთავება.
"ამ ეტაპისთვის ვიპოვეთ არასრულწლოვანის ცხედარი, რომელსაც ამ წუთებამდე ეძებდა სამაშველო სამსახური. აღნიშნულ ლოკაციაზე დასრულებულია სამაშველო ღონისძიება, რაც შეეხება მეორე ლოკაციას, გრძელდება დაკარგული შუა ხნის მამაკაცის საძიებო სამუშაოები. მადლობა მინდა გადავუხადო ყველა მეხანძრე-მაშველს,“ - ამბობს შსს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პოლიციის დეპარტამენტის დირექტორი, კონსტანტინე ანანიაშვილი.
აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე, თორნიკე რიჟვაძე ამბობს, რომ თუკი მანამდე იყო შემთხვევები, რომელიც რეაგირების გარეშე დარჩა, მოხდება მისი შესწავლა.
"ეს იყო უეცარი უხვი ნალექის შედეგად განვითარებული სტიქიური მოვლენები. რაც შეეხება წინა ისტორიებს, თუკი არსებობდა კონკრეტული რეაგირების გარეშე დარჩენილი შემთხვევები, როგორც უკვე განვმარტე, ამის დეტალური შესწავლის შემდეგ მოხდება უმკაცრესი რეაგირება, ასეთის არსებობს შემთხვევაში,“ - განაცხადა თორნიკე რიჟვაძემ.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მეწყერმა 2 დღის წინ საცხოვრებელი სახლი და გზაზე მიმავალი ავტომანქანა მოიყოლა. შედეგად, დაიღუპა 5 ადამიანი, მათ შორის, ერთი ოჯახის სამი წევრი.