მძიმე კადრები ხელვაჩაურიდან - მაშველებმა 16 წლის მოზარდი 2 დღიანი ძებნის შემდეგ იმ ტერიტორიაზე იპოვეს, სადაც მეწყერამდე თედორაძეების სახლი იდგა. ძებნაში 100-ზე მეტი მაშველი იყო ჩართული, სამუშაო ბრიგადამ ჯერ მოზარდის ფეხსაცმელსა და ტელეფონს მიაგნო, რის შემდეგაც დღის 5 საათისთვის უკვე თედორაძეების ოჯახის მესამე გარდაცვლილი წევრის პოვნაც მოხერხდა. იგი მალევე პროზექტურაში გადაასვენეს.
მოულოდნელ სტიქიას სოფელ ქვედა ჯოჭოში 5 მსხვერპლი ჰყავს. 4 მათგანის პოვნა მაშველებმა გუშინ, ხანგრძლივი სამუშაოების შედეგად მოახერხეს. ამ დრომდე გრძელდება მდინარე მეჯნისწყლის მიმდებარედ ნაპოვნი ავტომობილის მძღოლის ძებნაც, შუახნის მამაკაცი სტიქიის ეპიცენტრში აღმოჩნდა - მის კვალს დღემდე ვერ მიაგნეს, მიმდინარეობს სამძებრო სამუშაოები.
ჯერ უცნობია, რა რაოდენობის ზარალი მიადგა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტს.
მეწყერი ხელვაჩაურში 1 ოქტომბერს, საღამოს 11 საათისთვის ჩამოწვა და მიწის ქვეშ 5 ადამიანი მოიყოლა. მათ შორის, ერთი ოჯახის 3 წევრი და 2 ახალგაზრდა მამაკაცი, რომლებიც მეგობართან იმყოფებოდნენ.