რა რუკით იხელმძღვანელა დავით გარეჯის სადავო ტერიტორიაზე მომუშავე ჯგუფმა?! - ერთ-ერთი ვერსიით სავარაუდო გადაცდომა იმ დოკუმენტის გამო დაფიქსირდა, რომლის მიხედვითაც საზღვრები დაზუსტებული არ იყო. საუბარია 500 ათასიანი მასშტაბის რუკაზე, რომელიც საგრძნობლად განსხვავდება იმ რუკისგან, რომელიც ორი ქვეყნის საზღვრებს უფრო ზუსტად ასახავს.
დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტი კირიონ ონიანი ამბობს, რომ კომისიას უნდა ეხელმძღვანელა არა 500 ათასიანი მასშტაბის, არამედ 2000-იანი მასშტაბის რუკით, რადგან სწორედ 2000-იანი მასშტაბის რუკაზე მოხდა ხელმოწერა აზერბაიჯანულ მხარესთან.
"რუკა არის ერთი, მას ჰქვია ერთი 2000-იანი მასშტაბის k38. ეს რუკა ჩვენ გვქონდა, ამაზეა ხელი მოწერილი ორ სახელმწიფოს შორის. ივერი მელაშვილს რომ ეხელმძღვანელა აღნიშნული რუკით, ანუ რომელზეც ხელი მოვაწერეთ ჩვენ და აზერბაიჯანმა, შეუძლებელია დამდგარიყო ის შედეგი, რაც დადგა. ეს რუკა გვაჩვენებდა ჩვენ, რომ აღნიშნული ტერიტორიები, დავით გარეჯთან მით უმეტეს, მონასტერი ჩიჩხიტური და მონასტერი უდაბნო, მთლიანად საქართველოს ტერიტორიაზეა. სიცრუე არის ის, რომ თითქოს კომისია არ ჰქონდა მასალები, ყველანაირი მასალა ჰქონდა. რამდენიმე წელიწადია ვამტკიცებ ამას, რომ სახეზე არის დანაშაული და თუ ამას გამოძიება ვერ დაადგენს, დაღუპულია ჩვენი საქმე, იმიტომ რომ ეს ყველაფერი თეთრით შავზე არის. ან რაღაც ფინანსური ინტერესი არსებობს, როცა ადამიანი ამას ჩადიხარ, ან რაღაც პოლიტიკური ინტერესი არსებობს," -განაცხადა დავით გარეჯის მამათა მონასტრის არქიმანდრიტმა კირიონ ონიანმა "კურიერთან" სატელეფონო საუბრისას.
თავის მხრივ, დღეს დავით გარეჯის საქმეზე დაწყებული გამოძიების საკითხთან დაკავშირებით, საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის კომისიის ყოფილმა წევრმა ივერი მელაშვილმა პრესკონფერენცია გამართა და აღნიშნა, რომ შეუძლებელი იყო 2000-იანი მასშტაბის რუკით სარგებლობა.