პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, დიმიტრი ხუნდაძის განცხადებით, კორონავირუსის გავრცელების თვალსაზრისით შედარებით მშვიდი პერიოდი ხელისუფლებამ იმისთვის გამოიყენა, რომ მეორე ტალღისთვის შესაბამისად მომზადებულიყო.
მისი თქმით, ინფექციის მართვისთვის მობილიზებულია 3000 საწოლი, თუმცა, ამ ეტაპზე, მხოლოდ 836-ია დატვირთული.
"ჩვენ გამოვიყენეთ ეს პერიოდი იმისთვის, რომ უკეთ მოვმზადებულიყავით მეორე ტალღისთვის. კლინიკების 80% არის მზად, რომ საჭიროების შემთხვევაში ჩაერთოს კორონავირუსის მართვაში, მაგრამ დღეს არის მხოლოდ 31 კლინიკა, საჭიროება მეტი არ არის. დაახლოებით, 3000 საწოლია მობილიზებული. თუმცა, აქედან 800-ზე ცოტა მეტი დატვირთულია, თუმცა საჭიროების შემთხვევაში მოხდება ჩართვა.
სამედიცინო პერსონალი გადამზადდა, დაახლოებით, 43 კლინიკაში. ასევე, ოჯახის ექიმები, სოფლის ექიმები დაახლოებით 2500-მდე ადამიანი არის გადამზადებული, რომ პაციენტები მართონ არა მხოლოდ სტაციონარში, ბინაზეც.
არსებული საწოლებიდან 836-ია მხოლოდ დაკავებული. ჯანდაცვის სექტორს, რა თქმა უნდა, აქვს შესაძლებლობის ზედა ზღვარი, თუმცა, დღეს არსებულ ვითარებაში ამის საფრთხე არ არსებობს, მაგრამ ეს დამოკიდებულია საზოგადოების ქცევაზეც, რადგან ჩვენ ჯანდაცვის მაქსიმალური რესურსი არ უნდა ამოვწუროთ, უნდა ვეცადოთ, რომ თავი ავირიდოთ დაინფიცირებისაგან. ამისათვის არის რეკომენდაციები, რომ ნიღაბი უნდა ვიხმაროთ, განსაკუთრებით, დახურულ სივრცეებში. თუმცა, აჭარის შემთხვევაში, რეკომენდებულია, რომ ღია სივრცეებშიც, განსაკუთრებით ისეთში, სადაც მაღალია სიმჭიდროვე, ფიზიკური დისტანციის დაცვა სადაც შეუძლებელია, მოხმარებული იყოს ნიღაბი. 65-70 წელს გადაცილებული ხანდაზმულებისთვის რეკომენდაციაა, რომ დარჩნენ სახლში, რადგან წარმოადგენენ რისკჯგუფს,"- განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ საველე ჰოსპიტლების მოწყობის აუცილებლობა, ამ ეტაპზე, არ არსებობს, თუმცა, საკოორდინაციო საბჭო ამ სცენარსაც განიხილავს.
"დღეს საველე ჰოსპიტლების აუცილებლობა არ არსებობს. ზოგადად, ქვეყანაში არის 15 000 საწოლის რესურსი, თუმცა, რა თქმა უნდა, სხვა მიმართულებებიც არის აქტუალური და შესაძლებელია პაციენტს დასჭირდეს სტაციონარული მომსახურება არა მხოლოდ კოვიდის შემთხვევაში, ანუ, ეს არ ნიშნავს, რომ მხოლოდ კოვიდინფიცირებულებისთვის არის 15 000 საწოლი მობილიზებული.
ცუდ სცენარზე, სადაც შესაძლებელია ჯანდაცვის შესაძლებლობების ზედა ზღვარს გასცდეს დატვირთვა, ასეთი სცენარისთვის მზადება არამხოლოდ დღეს არსებობს, დაწყებულია საწყისი ეტაპიდან. საკოორდინაციო საბჭო ეპიდემიოლოგების სცენარებს იხილავს და ამისთვის ემზადება,"-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.
მისივე თქმით, ჯანდაცვის სამინისტროს რესურსის ზედა ზღვარი არის 4000 საწოლი, თუმცა, მისივე თქმით, ამ შემთხვევაში ხდება დიფერენციაცია, რომ სტაციონარში მხოლოდ ის პაციენტები მოათავსონ, ვისთვისაც ეს გადაუდებელ საჭიროებას წარმოადგენს.
დიმიტრი ხუნდაძემ აღნიშნა, რომ შემოდგომაზე მოსალოდნელია გრიპის ვირუსის გააქტიურება და მოსახლეობას ვაქცინაციისკენ მოუწოდა.
"შემოდგომაზე მოსალოდნელია გრიპის ვირუსი და მოვუწოდებდი მოსახლეობას, რომ როცა გამოცხადდება გრიპის ვირუსის ვაქცინაცია, რომ მაქსიმალურად ჩაიტარონ ეს აცრა. დაკვეთილია, დაახლოებით, 135 000 დოზაზე მეტი გრიპის ვაქცინა. ამის გარდა, მიმდინარეობს მოლაპარაკებები სხვადასხვა კომპანიასთან, რომ საჭიროების შესაბამისი ვაქცინა იყოს,"-განაცხადა დიმიტრი ხუნდაძემ.