პარლამენტში მომავალი წლის ბიუჯეტი ინიცირებულია. პროექტი პარლამენტის ბიუროს უკვე წარედგინა. სახელმწიფო ბიუჯეტის ხარჯების მოცულობა 1 147. მილიონი ლარით იზრდება. განხილვის პროცესი 6 ოქტომბრიდან კომიტეტებისა და ფრაქციების ფორმატში დაიწყება, ხოლო 16 ოქტომბერს საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის შემაჯამებელი სხდომა გაიმართება. ბიუჯეტის პროექტის განხილვის პირველი ეტაპი 20 ოქტომბრისთვის დასრულდება და მთავრობას პარლამენტის შენიშვნებითა და რეკომენდაციებით დაუბრუნდება.
"2021 წლის ბიუჯეტი დაგეგმილია ინფლაციის მაჩვენებლის შემცირებაზე. მთავრობის მიზანი და გეგმა არის, რომ ის 3%-იან ნიშნულს დაუბრუნდება. მნიშვნელოვანია, რომ მთავრობა 2021 წლის ბიუჯეტით დეფიციტის შემცირებას გეგმავს. ასევე, ამ დოკუმენტში მოცემულია საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებლის ზრდა 609.7 მილიონი ლარით,"- განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ არჩილ თალაკვაძემ.
პარლამენტის ვაკის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პარტიიდან "ლელო საქართველოსთვის" ლევან კობერიძე მიიჩნევს, რომ ბიუჯეტი პარლამენტის ყველა კომიტეტმა ცალ-ცალკე უნდა განიხილოს.
"ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბიუჯეტი იყოს არა უბრალოდ, პირობითად ბუღალტრული დოკუმენტი, არამედ ასახავდეს იმ ეკონომიკური განვითარების და ქვეყნის ეკონომიკური კრიზისიდან გამოყვანის გეგმას. შესაბამისად, ჩემი მოწოდება იქნებოდა, აქვე დავთქვათ, რომ გაერთიანებები არ მოხდება, იმიტომ, რომ ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია და არ მგონია იმის ფუფუნება გვქონდეს, 2-3 კომიტეტი გავაერთიანოთ და ისე ვიმსჯელოთ ამ საკითხზე. არათუ უკიდურეს შემთხვევაში, არამედ მოდით იყოს ყველა კომიტეტში განხილვა. როდესაც თქვენ ხედავთ საჭიროებას და თქვენი სურვილია, ღამის 2-3 საათამდეც მართავთ ხოლმე კომიტეტებს,"- განაცხადა ლევან კობერიძემ.
პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის, ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, ის ვერ ხედავს ყველა კომიტეტში ცალ-ცალკე განხილვის საჭიროებას, თუმცა, თუ კოლეგები ამაში დაარწმუნებენ, მზად არის ეს გადაწყვეტილება მიიღოს.
"რაც უფრო მეტი კომიტეტი ერთდროულად მიიღებს მონაწილეობას ასეთი საკითხის განხილვაში, მით უფრო ბევრი კითხვა დაისმება და აქ საუბარია უფრო ხარისხზე, ვიდრე რაოდენობაზე. სამ კომიტეტს ჩავატარებთ ცალ-ცალკე, ერთსა და იმავე კითხვას ხომ არ დავსვამთ ამ კომიტეტზე, ამ კომიტეტებზე ყველას თავისი შინაარსობრივი კითხვა აქვს. თუ დამაჯერებთ და მეტყვით, რომ ჯობია ცალ-ცალკე ჩავატაროთ, პირადად თქვენ გეპატიჟებით 7 ოქტომბერს, 12 საათზე, ჩემს კომიტეტში,"- განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.