19 ნოემბერი 2024,   06:23
ვრცლად
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში აცხადებენ, რომ გორში მომხდარ ინტოქსიკაციას წყალთან კავშირი არ აქვს

გორში ინტოქსიკაცია მასშტაბურ ხასიათს იძენს, იზრდება იმ პირთა რაოდენობა, რომლებიც სხვადასხვა სიმპტომით კლინიკებს მიმართავენ. პირველი კომენტარი გაკეთდა გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიაში. ადმინისტრაცია უარყოფს ინფორმაციას, რომ სავარაუდოდ, ინტოქსიკაცია უკავშირდება წყალს. ყველა ეჭვის გამოსარიცხად კომპანიაში დანიშნულია ლაბორატორიული კვლევა.

გაფართოებული მიკრობიოლოგიური კვლევის შედეგები ზუსტად 24 საათში გახდება ცნობილი. გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის თანამშრომლები ამბობენ, რომ სათავო ნაგებობა არის დაცული, წყალს კი შესაბამისი კვლევა ყოველდღიურ რეჟიმში უტარდება. აქედან გამომდინარე, კომპანიაში წყლის დაბინძურებას გამორიცხავენ.

"კომპანია აგრძელებს რამდენიმე ლოკაციაზე გაფართოებულ კვლევებს, ეს არის როგორც სათავეზე, ისე მაგისტრალურ ქსელზე, ასევე ოჯახებშიც. 24 საათში გვექნება პასუხი. დამოუკიდებლად წყლის ხარისხზე ანალიზებს იღებს სურსათის უვნებლობაც და პასუხი იქნება რამდენიმე დღეში.

24 საათში გვექნება ყველაფერი. ჩვენ წინა დღეებში რომ გვქონდა, აკმაყოფილებდა სტანდარტს. წყლიდან გამორიცხულია.

გორში ვაკეთებთ ყოველდღიურ ანალიზებს და აქედან გამოვრიცხავ-მეთქი და რა მნიშვნელობა აქვს, გორი იქნება თუ სხვა. მთელ საქართველოში ვაკეთებთ. ტერიტორია შემოღობილია, ყველა სათვალთვალო დაცულია, გამორიცხულია შიგნით რამე ჩავარდეს," - აცხადებს გაერთიანებული წყალმომარაგების ტექნიკური დირექტორი ირაკლი ნაფეტვარიძე.

ადგილობრივები "კურიერს"უყვებიან, რომ გაცილებით მეტი ბავშვია ამ დროისთვის მოწამლული, თუმცა უმეტესობას კლინიკაში გადაყვანა არ დასჭირდა.

დღის ამბები