19 ნოემბერი 2024,   06:48
ვრცლად
ეს არის უპრეცედენტო ქველმოქმედების მორიგი მაგალითი - ლევან დავითაშვილი ცენტრალური პარკის გაშენებაზე

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, იპოდრომის ტერიტორია სწორედ წინა ხელისუფლების დროს გაიყიდა. ოპონენტების საპასუხოდ კი განაცხადა, რომ ტერიტორიაზე ცენტრალური პარკის გასაშენებლად სწორედ ფონდი "ქართუ" იზრუნებს და ის ბიუჯეტიდან არ დაფინანსდება. 

"ეს არ არის "ქართული ოცნების" შეწირულობა, ეს არის ბატონი ბიძინა ივანიშვილის მორიგი ძალიან მნიშვნელოვანი ქველმოქმედება. რომელიც არის "ქართული ოცნების" თავმჯდომარე და რომელმაც განახორციელა რამდენიმე უპრეცედენტო პროექტი ქვეყნისთვის. ამის ფონზე, ცოტა ამორალურია ის განცხადებები, რაც ჩვენი ოპონენტების მხრიდან მოვისმინეთ და თან ძალიან უსუსური მცდელობაა ისე წარმოაჩინონ, თითქოს ეს არის წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილი.

ბატონმა ბიძინამ უკვე მათ მიერ პრივატიზებული, არა ჩვენი ხელისუფლების დროს, არამედ წინა ხელისუფლების დროს პრივატიზებული ობიექტი კერძო ტრანზაქციით იყიდა 50 მილიონ დოლარად. ამის შემდეგ ადამიანი აკეთებს პროექტს და ამბობს, რომ ამ პროექტის განხორციელებაშიც "ქართუ ფონდი" მიიღებს მონაწილეობას. ანუ ერთის მხრივ, ქალაქს საჩუქრად აძლევს და ის პარკი, რომლის განხორციელებაც ათეულობით მილიონობით ლარი შეიძლება დაჯდეს, ამასაც "ქართუ" აფინანსებს.

ჩვენ ვიცით, რომ იპოდრომის ნაწილზე მართლაც არის განაშენიანება, მაგრამ მოდი გავიხსენოთ, რომელ პერიოდში გაიცა მშენებლობაზე ნებართვები და რამდენად რთული იყო ჩვენი ხელისუფლების პირობებში მშენებლობების იმ ბუმის გარკვეულწილად შეჩერება, გამოსწორება და ქალაქის გენერალური გეგმის დამტკიცება, რომელიც ქალაქს სასუნთქ ნაწილებს შეუნარჩუნებდა. ეს იყო რთული მემკვიდრეობა, რომელიც ჩვენი ხელისუფლების პირობებში მერებს დახვდათ,"- განაცხადა ლევან დავითაშვილმა. 

"ლაგუნა ვერეს" აღდგენასთან დაკავშირებით ლევან დავითაშვილმა განაცხადა, რომ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვს, თუმცა დარწმუნებულია, რომ მისი რეაბილიტაციაც მალე მოხდება. 

"რაც შეეხება ყველა იმ ობიექტს, რომელიც ჩამოთვალეთ და რომელიც ბატონი ბიძინას საკუთრებაშია და ჩვენ დავინახეთ, რომ მისი საქართველოში საქმიანობა არ მოიცავს კომერციულ ინტერესებს, ეს არის განპირობებული ქვეყნის დასახმარებლად იმ ტიპის საქმიანობების გასავითარებლად, მაგალითად სასტუმრო ბიზნესი, რომელიც დამატებით მიზიდულობის ცენტრებს ქმნის. ბატონმა ბიძინამ განაცხადა, რაც დამიჯდა, ნახევარ ფასში ნებისმიერ მსურველს შემიძლია დავუთმოო. ესაა მაგალითი მისი ქველმოქმედებისა. მე კონკრეტულად არ მაქვს ინფორმაცია "ლაგუნა ვერესთან" დაკავშირებით, მაგრამ დარწმუნებული ვარ, მივიღებთ ლამაზ ობიექტს," - განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

დღის ამბები