ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის საგარეო საკითხებში, ჯოზეპ ბორელის პრესმდივანმა, პეტერ სტანომ საქართველოში დამტკიცებულ საკანონმდებლო ცვლილებებზე, რომელიც მიმართულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის გადასინჯვაზე, განცხადება გაავრცელა.
განცხადებაში გამოთქმულია სინანული იმასთან დაკავშირებით, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის სასწრაფო მოსაზრების გამოქვეყნებას ამ კანონპროექტზე. იქვე აღნიშნულია, რომ ევროკავშირი საქართველოსგან მოელის არჩევის წესების განხილვის გაგრძელებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პერსპექტივაში.
"საქართველოს პარლამენტმა 30 სექტემბერს დაამტკიცა საკანონმდებლო ცვლილებები, რომლებიც მიმართულია უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა არჩევის პროცესის გადასინჯვაზე. ევროკავშირს და სხვა მნიშვნელოვანმა დამკვირვებლებმა არაერთხელ გამოუხატავთ შეშფოთება ამ არჩევის პროცესში არსებულ ნაკლოვანებებთან დაკავშირებით.
დასანანია, რომ პარლამენტი არ დაელოდა ვენეციის კომისიის სასწრაფო მოსაზრების გამოქვეყნებას ამ კანონმდებლობაზე - რომელიც მან თავად მოითხოვა და რომელსაც რამდენიმე დღეში ელიან. ეს პროცესის მიმართ საზოგადოებრივი ნდობის გაზრდის ხელიდან გაშვებული შესაძლებლობაა.
ევროკავშირი განიხილავს კანონმდებლობას და მის შედეგებს, ვენეციის კომისიის მოსალოდნელი მოსაზრების გათვალისწინებით და საქართველოსგან მოელის არჩევის წესების განხილვის გაგრძელებას, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების პერსპექტივაში.
სასამართლო ხელისუფლებაში ეთიკის და პატიოსნების უმაღლესი სტანდარტების დაცვა უმნიშვნელოვანესია საქართველოს სანდოობისთვის, მისი მოქალაქეების და საერთაშორისო პარტნიორების თვალში, ისევე, როგორც ევროკავშირ-საქართველოს პარტნიორობის განვითარებისთვის,"- ნათქვამია განცხადებაში.