"საქართველოს კონსერვატიულმა პარტიამ" ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატად თეა ერგემლიძე დაასახელა.
მხარდამჭერებს კანდიდატი პარტიის ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა წარუდგინა. მისი განცხადებით, ქუთაისში ჰყავთ კანდიდატი, რომელიც იბრძოლებს ქალაქში არსებული პრობლემების მოსაგვარებლად.
"ქუთაისში თეა ერგემლიძე წარვადგინეთ, ის კონსერვატორი ქალბატონია და სწორედ ამ მიმართულებით წაიყვანს ქალაქს. თეა ქუთაისისთვის კარგად ცნობილი პედაგოგია და ახალგაზრდებზე ზრუნვას ძალიან ეფექტურად შეძლებს," - განაცხადა "საქართველოს კონსერვატიული პარტიის" ლიდერმა ზვიად ძიძიგურმა.
მაჟორიტარობის კანდიდატი თეა ერგემლიძე კი აცხადებს, რომ მისი მთავარი ამოცანაა საქართველო ტრადიციებისაკენ შემობრუნდეს.
"ჩემთვის დიდი პასუხისმგებლობაა, რომ ქუთაისში მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ვარ. პარტიასთან ჩემი დაკავშირება, ტრადიციულობამ და ქართულმა სულმა განაპირობა. ყველანაირად ვეცდები, რომ საქართველო ტრადიციებისაკენ შემობრუნდეს," - განაცხადა თეა ერგემლიძემ.
"კონსერვატიული პარტიის" პროგრამაში ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ნარკომანიასთან ბრძოლასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის უჭირავს.