თამარ ბაჩალიაშვილის საქმის ადვოკატები გამოძიების მიერ მათი მოწმის სახით გამოკითხვის ფაქტს, სტრასბურგის სასამართლოში გაასაჩივრებენ.
გადაწყვეტილების შესახებ მიხეილ რამიშვილმა და ეკა ქობესაშვილმა ადვოკატთა ასოციაციაში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადეს. მათ მხარდაჭერას ასოციაციის პრეზიდენტიც უცხადებს. მათი თქმით, სარჩელის საფუძველი ადვოკატების ევროკონვენციით გარანტირებული უფლებების დარღვევაა, რაც შეჯიბრებითობის და საიდუმლოების დაცვის პრინციპების დარღვევაში გამოიხატა.
"თუ ჩვენ გვინდა ამ ქვეყანაში ხარისხიანი სისხლის სამართლის მართლმსაჯულება, ადვოკატის გამოკითხვა და მისი პროფესიული საქმიანობის რაიმენაირად დარღვევა ძალიან ცუდ შედეგებს მოიტანს," - განაცხადა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარე დავით ასათიანმა.
მიმდინარე კვირაში ადვოკატები სარჩელით პირველ რიგში საქართველოს უზენაეს სასამართლოს მიმართავენ, თუმცა ამბობენ, რომ ეს ფორმალობაა და სარჩელის დაკმაყოფილების მოლოდინი არ აქვთ.
"რა თანასწორობაზე უნდა ვისაუბროთ, როდესაც ადვოკატს მოწმის სტატუსით კითხავენ, მის პირად სატელეფონო საშუალებას მთლიანად იწერენ და მას განიარაღებულს ტოვებენ პროკურატურის, საგამოძიებო ორგანოსა და მოწინააღმდეგე მხარის წინაშე. ამიტომ, ჩვენ უზენაეს სასამართლოს უნდა მივმართოთ იმისათვის, რომ ეს უპრეცენდენტო სკანდალური ფაქტი მათ გაასწორონ, " - აღნიშნა უფლებადამცველმა, პოლიტიკური მოძრაობა "ტრიბუნას" წევრმა ლია მუხაშავრიამ.
რამიშვილი და ქობესაშვილი დავით ფურცხვანიძის დაკავებამდე გამოიკითხნენ, რომელსაც ბრალი მტკიცებულებების გაყალბებაში ედება.
"ჩემთვის ძალიან კატასტროფული იყო ის მდგომარეობა, როდესაც ჩემს და ასევე ჩემი, როგორც ადვოკატის პირად სივრცეში მოხდა შემოჭრა. მე ამ საქმეს ჩამოვშორდი, მაგრამ, ოჯახის კატეგორიული მოთხოვნა იყო, რომ მე ისევ დავბრუნებოდი ამ საქმეს," - აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.