19 ნოემბერი 2024,   06:36
ვრცლად
ბათუმში შეზღუდვები უფრო უნდა გამკაცრდეს - ბიძინა კულუმბეგოვი

ალერგოლოგ-იმუნოლოგი ბიძინა კულუმბეგოვის განცხადებით, ბათუმში კორონავირუსის გავრცელების გამო მეტი შეზღუდვები უნდა დაწესდეს და გარკვეული პერიოდი ადგილობრივებს რეგიონის დატოვების საშუალება უნდა შეეზღუდოთ.

კულუმბეგოვი მიიჩნევს, რომ ბათუმი ვირუსის გამო სახიფათო ზონაა და მეტი შეზღუდვაა საჭირო.

"იქ, სადაც ახლა ყველაზე მეტი პრობლემაა, მე ვფიქრობ ძალიან დიდი ხანი არ უნდა დაგვიანდეს და შეზღუდვები უფრო უნდა გამკაცრდეს ბათუმის პირობებში, რათა არ მოხდეს კიდევ უფრო მეტი შიდა საზოგადოებრივი გავრცელება და არ მოხდეს შიდა ექსპორტი ბათუმიდან, რაც მთლიანად დამაზიანებელი იქნება მთელი ქვეყნისთვის. დღეში 4 გარდაცვლილი ადამიანია და ამას არ უნდა შევეგუოთ. მე მიმაჩნია, რომ ამ შემთხვევაში ჯობია, რომ ბათუმში იყოს უფრო მეტი შეზღუდვები, ვთქვათ გადაადგილების შეზღუდვა, სრული სტაბილიზაციის მიღებამდე მოქალქეებს შევუზღუდოთ რეგიონის დატოვება, რათა სწრაფად მოხდეს აფეთქების ჩახშობა. ბათუმი ყველაზე საყურადღებო ნაწილია," - განაცხადა კულუმბეგოვმა.

მისივე თქმით, საქართველოში ახლა ვირუსის გავრცელების პირველი გვიანდელი ტალღაა.

"იკვეთება რომ ეს არის პირველი ტალღის დასაწყისი, მე ამ სიტუაციას ასე ვეძახი, რადგან თვითონ ტალღა, როგორც ასეთი მეცნიერული მოვლენა არ არის. ტალღა მრუდზე უნდა აისახოს, ამიტომ ჩვენს ქვეყანას ეს ტალღა არ ჰქონია. გვიანი პირველი ტალღა ჩვენ გვაქვს ახლა. მივდივართ ზემოთკენ, ციცაბო ალბათ ჩამოყალიბდება და სტაბილიზაციის შემდგომ იქნება დაღმა სვლა. სწორედ ეს გამოსახავს ამ ტალღას.

მეორე ტალღაზე საუბრობენ ევროპის ქვეყნები, რომლებმაც უკვე ერთი ტალღა მოილიეს.მეორე ტალღა როგორი იქნება ჩვენს შემთხვევაში და როდის იქნება, ალბათ ის უფრო შედარებით დაგვიანდება, მაგრამ რამდენად დამაზიანებელი იქნება ამაზე წინასწარ საუბარი შეუძლებელია. ეს დამოკიდებულია ბევრ ფაქტორზე. პოპულაციურ იმუნიტეტზე ჩვენ ბევრს ვსაუბრობთ, ჯანდაცვის მსოფლიოს ორგანიზაციამ გუშინ თქვა, რომ მსოფლიოში მხოლოდ საშუალოდ 10 პროცენტი ადამიანები არიან ამ ეტაპზე დაცული და 90 პროცენტი ისევ მოწყვლადია და მათ შეუძლიათ კორონავირუსული ინფექცია მიიღონ," - განაცხადა კულუმბეგოვმა "დღის კურიერში" სტუმრობისას.

 

დღის ამბები