"საია" მარიანა ჩოლოიანის ადვოკატის წინააღმდეგ - ადვოკატ გაგი მოსიაშვილს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია ტყუილში ადანაშაულებს. დღეს ადვოკატმა განაცხადა, რომ ლუკა სირაძის სისხლში ნარკოტიკული ნივთიერების კვალი აღმოაჩინეს.
"საიაში" კი განმარტავენ, რომ ეს კვლევა კლინიკაში ყოფნის შემდეგ გაკეთდა, რა დროსაც ლუკა სირაძეს გამაყუჩებლებს უკეთებდნენ. იქამდე ჩატარებულ ანალიზში კი ნივთიერებები არ აღმოუჩენიათ.
"ეს ინფორმაცია, რაც დღეს ადვოკატმა გაავრცელა, არის ცრუ. ეს არ არის საქმესთან დაკავშირებული და სასამართლოში არ იხილებოდა, გარდაცვლილი იყო თუ არა ნარკოტიკული საშუალებების ზემოქმედების ქვეშ და ა.შ. სასამართლოში იხილებოდა აბსოლუტურად სხვა საკითხი და დადგა განაჩენი ზუსტად იმ საკითხზე, რაზეც იყო სასამართლოში განხილვა. აბსოლუტურად უადგილოა ეს შეფასებები და ეს განცხადება. ეს არის მცდელობა, რომ საზოგადოება შეიყვანონ შეცდომაში," - განაცხადა სულხან სალაძემ.
შეგახსენებთ, რომ 15 წლის მოზარდის ლუკა სირაძის გარდაცვალების საქმეზე გამომძიებელ მარიანა ჩოლოიანს 3 წლით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ლუკა სირაძე, რომელმაც პოლიციაში გამოკითხვის შემდეგ თვითმკვლელობა სცადა, 17 დეკემბერს საავადმყოფოში გარდაიცვალა.