19 ნოემბერი 2024,   06:37
ვრცლად
ალბათ ახლა შეეცდებიან, გავიდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე, ჩვეულებრივი მარაზმია - სერგი კაპანაძე დავით გარეჯის საქმეზე

პროკურატურაში გამართული ბრიფინგის შემდეგ, რა დროსაც გაირკვა, რომ დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ორი ყოფილი წევრი დააკავეს, გაკეთდა პოლიტიკური განცხადებებიც.

ოპოზიცია დარწმუნებულია, რომ ამ საქმეზე პროკურატურის გააქტიურება წინასაარჩევნო კამპანიის ნაწილია. "ევროპული საქართველოს" წევრის, სერგი კაპანაძის მოსაზრებით, ხელისუფლება, სავარაუდოდ, წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნების დადანაშაულებასაც შეეცდება. 

"ეს დაკავება არის აგონიაში მყოფი ხელისუფლების ქმედება. რომელმაც წინასაარჩევნოდ რაღაც საქმე მოიგონა და ჰგონია, რომ საზოგადოებას თვალში ნაცარს შეაყრის და წარმოაჩენს, რომ წინა ხელისუფლებამ რაღაც მოღალატეობრივი ქმედება ჩაიდინა. სრული აბსურდია, საერთოდ, შინაარსიც კი არ აქვს ამ საქმეს, რომ ვითომ რაღაც რუკის დამალვის გამო შესაძლებელია ადამიანი დაიჭირო და ალბათ ახლა შეეცდებიან რომ გავიდნენ წინა ხელისუფლების მაღალჩინოსნებზე. ჩვეულებრივი მარაზმია, ოღონდ მე ვარ დარწმუნებული, რომ საზოგადოებაში ამას არავინ არ "ჭამს“ და არავინ დაიჯერებს,"- განაცხადა სერგი კაპანაძემ.

რესპუბლიკური პარტიის პოლიტიკური მდივანი თამარ კორძაიაც წინასაარჩევნოდ დავით გარეჯის თემით მანიპულირების ნიშნებს ხედავს. 

"შთაბეჭდილება იქმნება, რომ ეს არის წინასაარჩევნოდ ხელისუფლების მიერ წამოწეული თემა. მაგრამ, ერთადერთი, რაც უნდა ვუთხრათ ხელისუფლებას, რომ არ შეიძლება ასეთი მნიშვნელოვანი თემებით მანიპულირება, იმიტომ, რომ გაცილებით დიდი რისკის მატარებელია სახელმწიფოებრივად, ვიდრე ერთი კონკრეტული არჩევნების დროს 1-2 ხმით მეტის აღება რომელიმე პარტიის მიერ,"-განაცხადა თამარ კორძაიამ. 

დღის ამბები