დავით გარეჯის საქმეზე საზღვრის დელიმიტაციისა და დემარკაციის სამთავრობო კომისიის ორი ყოფილი წევრის დაკავებას მმართველ გუნდში გამოეხმაურნენ.
პარლამენტის თავდაცვის და უსაფრთხოების კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილმა განაცხადა, რომ დაკავებულები კომისიის მუშაობის ფარგლებში ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლითაც ზიანდებოდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები.
"აღმოჩნდა, რომ ეს რუკა არსებობს, არსებობს ორიგინალური ვერსია. ეს რუკა ინახებოდა თუ გადამალული იყო, ეს ალბათ გამოძიებამ უნდა დაადგინოს. საერთო ჯამში, ხელმძღვანელობდნენ იმ რუკებით, რომლის ფარგლებშიც ზიანდებოდა ჩვენი სახელმწიფოს ინტერესები და რომლის ფარგლებშიც ჩვენი სახელმწიფო უარს აცხადებდა 3500 ჰექტარ მიწაზე, მათ შორის, იმ ტერიტორიაზე, რომელიც წარმოადგენს ჩვენი ქვეყნის სიწმინდეებს. ეს არის ძალიან მძიმე ბრალდება და გამოძიებას უნდა დაველოდოთ,"-განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძემ აღნიშნა, რომ მმართველი გუნდის ერთადერთი ლეგიტიმური ინტერესია დავით გარეჯთან დაკავშირებული მოლაპარაკებები საქართველოსთვის ისტორიული სიმართლის დადგენით დასრულდეს.
"ეს არის გამოძიების დასადგენი, თუ ვისი ბრალეულობა დადგება და ვისი პასუხისმგებლობა გამოიკვეთება, ეს არის მართლმსაჯულების სისტემის საქმე. შესაბამისად, ჩვენი ერთადერთი ლეგიტიმური ინტერესი არის, რომ დავით გარეჯთან და ჩვენს საზღვართან დაკავშირებული მოლაპარაკებების პროცესი დასრულდეს საქართველოსთვის ისტორიული სიმართლის დადგენით და ჩვენი სულიერი კულტურის მნიშვნელოვან ძეგლს, როგორიც არის დავით გარეჯი, დავიცვათ ის და შევინარჩუნოთ ჩვენს სივრცეში როგორც ეს ჩვენი გადმოსახედიდან იკვეთება ისტორიული წყაროებით,"- განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.