19 ნოემბერი 2024,   06:21
ვრცლად
გამოყენებული უნდა ყოფილიყო 2000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა - ექსპერტები დავით გარეჯის საკითხზე

რუკას, რომლითაც ხელმძღვანელობდა საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისია დაახლოებით 13 წელის წინ და მოლაპარაკებებს აწარმოებდა სადაო ტერიტორიებთან დაკავშირებით აზერბაიჯანთან, ექსპერტიზა სამხარაულის ეროვნულ ცენტრში ჩაუტარდა.

როგორც ამ ექსპერტიზაში მონაწილე სპეციალისტები "კურიერთან" საუბარში აცხადებენ, კომისიას არ უნდა ეხელმძღვანელა იმ რუკით, რომლითაც ის მუშაობდა და სასურველი იყო ეხელმძღვანელა 1938 წლის 1 2000-იანი მასშტაბით.

"არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება საზღვრის დასადგენად გამოვიყენოთ 5000-იანი მასშტაბის 1 პლანშეტი, რომელსაც არც თავი აქვს, არც ბოლო აქვს. არც ლეგენდა აქვს. რუკა არის ისეთი ქმნილება, რომელსაც აქვს თავისი ატრიბუტიკა და ამ ქაღალდს ფაქტიურად აწერია მხოლოდ რუსულად, რომ ეს არის "კარპა ზაკავკაზია" და საერთოდ 5000-იანი მასშტაბი მიუღებელია საზღვრის დადგენისთვის. გამოყენებული უნდა ყოფილიყო თავის დროზე 2000-იანი მასშტაბის ტოპოგრაფიული რუკა, რომელიც არის 1937-38 წლებში შედგენილი და დაბეჭდილი," - განაცხადა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორმა თენგიზ გორდეზიანმა "კურიერთან" საუბრისას.

"70-იანი 80-იანი წლების და საერთოდ 40-იანი წლებიდან მოყოლებული არც ერთ კარტოგრაფიულ მასალაში, ანუ ტოპოგრაფიულ რუკებზე მაქვს საუბარი, საზღვრები არ იყო დაზუსტებული და ოფიციალურად დადგენილი. ამიტომ ვერანაირად ვერ გამოდგებოდა მასალად საზღვრის გატარების პროცესში," - აღნიშნა კარტოგრაფმა ლალი ქუთათელაძემ "კურიერთან" საუბრისას.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ ლაოშვილი "კურიერთან" საუბრისას აცხადებს, რომ ის და სხვა სპეციალისტები სამხარაულის ექსპერტიზის ბიურომ მიიწვია, რათა დაედგინათ რამდენად ვარგისი იყო დოკუმენტი, რომელიც კომისიამ გამოიყენა.

დღის ამბები