არაღიარებული რესპუბლიკის ხელისუფლება აცხადებს, რომ მთიან ყარაბაღში უკვე მოსახლეობის 50 პროცენტი დევნილად იქცა, საიდანაც უმეტესობა ქალი და ბავშვია. სტეპანაკერტში დარჩენილების დიდი ნაწილი კი, 11 დღეა, სარდაფებს აფარებენ თავს.
არაღიარებული რესპუბლიკის დედაქალაქში დღეს შედარებითი სიმშვიდეა, თუმცა სომხეთი ირწმუნება, რომ იერიში სხვა დასახლებულ პუნქტებზეც ხორციელდება, მაგალითად ქალაქ შუშაზე, რომელიც სტეპანაკერტიდან 15 წუთის სავალზეა.
"კურიერის" გადამღებ ჯგუფს ქალაქი, სადაც აფეთქებების ხმა თითქმის უწყვეტად ისმის და სადაც, დაახლოებით, 20 ათასი ადამიანი ცხოვრობს, დაბომბილი და ცარიელი დახვდა. აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ტერტერი ის ქალაქია, რომელსაც მოწინააღმდეგე მხარემ 400-მდე ჭურვი ესროლა.
ადგილობრივი მოსახლეობა, ინტენსიური საბრძოლო იერიშების გამო, თავს სპეციალურად მოწყობილ სამალავებში აფარებს.
სამხედრო დაპირისპირების პარალელურად, გრძელდება ურთიერთბრალდებებიც. მხარეები განსხვავებულ მონაცემებს ავრცელებენ. არაღიარებული მთიანი ყარაბაღის ინფორმაციით, კონფლიქტს კიდევ 40 სამხედრო ემსხვერპლა და საერთო რაოდენობა 280-მდე გაიზარდა. აზერბაიჯანის გენერალური პროკურატურის ინფორმაციით კი კონფლიქტის დაწყებიდან დღემდე, გარდაცვლილთა რაოდენობა 28-მდე გაიზარდა, დაჭრილია 144 ადამიანი.
ავტორი: ლიკა ალელიშვილი