ბოლო პერიოდში კორონავირუსით სიკვდილიანობის მაჩვენებელი დღეში, ხშირად, ორჯერ განახლდება. დღეს ვირუსს 5 პაციენტის სიცოცხლე ემსხვერპლა. მათ შორის ერთი შსს თანამშრომელი იყო.
ბათუმში კორონავირუსი 3 თვის ბავშვს დაუდასტურდა, რომელიც ინფიცირებულ ოჯახის წევრებთან ერთად საკარანტინო სივრცეში გადის მკურნალობას. სასტუმროებში სულ 92 არასრულწლოვანია მოთავსებული, კოვიდკლინიკებში კი - 15 მოზარდი. სამედიცინო დაწესებულებებში 20 ფეხმძიმე რჩება ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ. ბინაზე 1000-მდე პირი მკურნალობს.
აჭარის გარდა, ინფიცირებულთა რაოდენობა იზრდება იმერეთშიც.
ზუგდიდში მაღაზიათა ქსელ "საგას" რაიონული ოფისი დაიხურა. მიზეზი კორონავირუსის გავრცელების საფრთხეებია. ერთ-ერთ თანამშრომელს COVID-19 ლაბორატორიულად დაუდასტურდა.
კორონავირუსი დაუდასტურდა თბილისში დაავადებათა კონტროლის სამსახურის თანამშრომელს. ფაქტის დადასტურების შემდეგ 60-მდე ადამიანის მონაცემები გადამოწმდა. მათ შორის სამსახურის ხელმძღვანელის - ამირან გამყრელიძის.