სვანეთში დაკარგულ 13 წლის მოზარდს უკვე ინტერპოლი ეძებს. ილია ფილფანის გაუჩინარებიდან და ქვეყნის ფარგლებს გაცდენილი სამძებრო სამუშაოებიდან მესამე თვე გავიდა.
ველოსიპედით სასეირნოდ გასული ბიჭი 18 ივლისს დაიკარგა. მისი კვალი არ ჩანს არსად, არც სვანეთის მთებში და ხევებში, არც ზღვაზე და არც საქართველოს სხვა ტერიტორიაზე.
საგამოძიებო უწყებებთან ერთად, ილია ფილფანს საკუთარი ძალებით ეძებენ მოზარდის მშობლები. ფილფანის დედ-მამა ფულად ჯილდოს აწესებს მათთვის, ვინც შვილთან დაკავშირებით ოჯახს ხელშესახებ ინფორმაციას მიაწვდის.
მშობლები უკვე ცნეს დაზარალებულებად, მათ საქმის მასალების გაცნობაც დაიწყეს. საქმე არასრულწლოვნის თავისუფლების უკანონო აღკვეთის მუხლითაა აღძრული.