კერძო სააღმზრდელო-საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაცია "მნათი" და საბავშვო ბაღების დირექტორები სახელმწიფოსგან ფინანსურ მხარდაჭერას ითხოვენ. "მნათის" დირექტორმა გიგი სისვაძემ და ბაღების დირექტორებმა პრესკონფერენცია გამართეს და განაცხადეს, რომ მათი მოთხოვნა იმ ბაღების დაუყოვნებლივ გახსნაა, რომლებიც დადგენილ რეკომენდაციებს აკმაყოფილებენ.
"ჩვენ არ ვითხოვთ აპრიორი ბაღების გახსნას, ვითხოვთ იმას, რომ ვინც უსაფრთხოების სტანდარტებს ვაკმაყოფილებთ, იმათ მოგვეცით გახსნის საშუალება. ყველაზე მთავარი ის არის, რომ ჩვენ სახელმწიფოსგან ფინანსურ მხარდაჭერას ვითხოვთ, რადგან 8 თვის განმავლობაში არანაირი შემოსავალი არ მიგვიღია. სახელმწიფო კი სანაცვლოდ, ქონების გადასახადს და საშემოსავლო გადასახადს გვთხოვს, ეს არასწორია. პირიქით, ახლა სახელმწიფო ჩვენ კი არ უნდა გვთხოვდეს გადახდას, მათ უნდა გამოყონ ბიუჯეტიდან სუბსიდირება, რომ ეს ეკონომიკური სუბიექტი გადარჩეს,"- აცხადებს საგანმანათლებლო დაწესებულებების ასოციაცია "მნათის" დირექტორი გიგი სისვაძე.