"დემოკრატიული მოძრაობა - ერთიანი საქართველოს" პოლიტიკური საბჭოს წევრი ბადრი ბიწაძე, რომელიც სახელმწიფო საზღვრის დაცვის ყოფილი თავმჯდომარეა, პროკურატურის მიერ დავით გარეჯის საკითხზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეს გამოეხმაურა.
ბადრი ბიწაძე ირწმუნება, რომ 2004-2008 წლებში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი არ შეცვლილა. მისივე მტკიცებით, შეუძლებელია კომისიაში მომუშავე კარტოგრაფებს საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართული განზრახვა ჰქონოდათ, რადგან ამ განზრახვის აღსრულებას სჭირდებოდა შესაბამისი გადაწყვეტილება, რომელიც არ დამდგარა.
"მე შემიძლია დაბეჯითებით და მთელი პასუხისმგებლობით გითხრათ, რომ რაც შეეხება საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარი 2004 წლიდან 2008 წლის ნოემბრამდე არც ერთი მონაკვეთით, არც ერთი სანტიმეტრით არ შეცვლილა. კარტოგრაფებს, რომლებიც ამ კომისიაში ჩართული იყვნენ, არაფერი არ შეეძლოთ გაეკეთებინათ. ჯერ ერთი, გადაწყვეტილება არ ყოფილა მიღებული, არც ერთი მონაკვეთი არ შეთანხმებულა, დარჩა ისე, როგორც იყო. განზრახვა ჰქონდათ, რისი განზრახვა ჰქონდათ - ვერანაირად ვერ შეასრულებდნენ, იმიტომ, რომ შეთანხმება კომისიის მუშაობის შემდეგ უნდა შეთანხმდნენ სახელმწიფოს პირველი პირები, შემდეგ უნდა მოხდეს ამის რატიფიკაცია პარლამენტებში,"- განაცხადა ბადრი ბიწაძემ.
შეგახსენებთ, რომ საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი - ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების ბრალდებით დააკავეს.
პროკურატურის მტკიცებით, დაკავებულებმა დელიმიტაციის პროცესში იხელმძღვანელეს 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით და არა 1937-38 წლების რუკებით. სხვაობა საქართველოსთვის საზიანოა. საუბარია 3 500 ჰექტარ ფართობზე.