გენერალური პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის საპროკურორო ზედამხედველობის სამმართველოს უფროსმა ამირან გულუაშვილმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დიდი საზოგადოებრივი ინტერესის მქონე სისხლის სამართლის საქმეების საჯაროდ დეტალურად განხილვა ზიანს აყენებს საგამოძიებო პროცესს და მტკიცებულებების მოპოვება ვერ ხერხდება.
მან ეს განცხადება დავით გარეჯის საქმესთან დაკავშირებით გააკეთა, რომლის ფარგლებშიც საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ მიმართული ქმედებების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი - ნატალია ილიჩოვა და ივერი მელაშვილი დააკავეს.
"ამ ეტაპზე რაც შეგვიძლია ვთქვათ, განიხილება რამდენიმე ვერსია, მათ შორის, ის ვერსიები, რაც საჯარო სივრცეში მედიასაშუალებებით იქნა დასახელებული. გამოძიების მიზანია, ყველა შესაძლო მოცემულობა გადაამოწმოს და განიხილოს ყველა შესაძლო ვერსია, რომელიც შეიძლება არსებობდეს. არ ვასახელებთ იმ მიზეზის გამო, რომ ჩვენი კომუნიკაცია საზოგადოებასთან გულისხმობს უკვე შემაჯამებელ კონკრეტულ გადაწყვეტილებასთან, მტკიცებულებების ანალიზთან დაკავშირებული ინფორმაციის მიწოდებას. მანამ, სანამ ხდება ამ ვერსიების გადამოწმება და არსებობს გამოძიების ინტერესი, გარკვეულ ეტაპზე საქმის მიმდინარეობისა საზოგადოებისთვის და დაინტერესებული პირებისთვის არ გახდეს ცნობილი გარკვეული მოცემულობები. მას შემდგომ, რაც დასრულდება ამ ვერსიების გადამოწმებაზე მუშაობა და სახელმწიფო ბრალდებას ექნება კონკრეტული მტკიცებულებების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილება, საზოგადოება აუცილებლად იქნება ინფორმირებული.
დაცვის მხარეს აქვს სრული შესაძლებლობა გაეცნოს იმ მასალებს, რომელიც საფუძვლად დაედო წარდგენილ ბრალდებას და ეს მტკიცებულებები დაცვის მხარეს გადაეცა,"-განაცხადა პროკურორმა.
კითხვაზე, თუ რა აუცილებლობა იყო იმისა, რომ ბრალდებულების დაკავება მომხდარიყო, მისი თქმით, იყო საფრთხე მტკიცებულებითი ხასიათის ინფორმაციის დამალვისა. როგორც თავად აღნიშნა, ბრალდებულებმა ნებაყოფლობით არ განხორციელდა 1-200 000 მასშტაბის რუკების გადაცემა და ის, მხოლოდ ჩხრეკის საფუძველზე აღმოაჩინეს.
"დაკავება განხორციელდა სასამართლოს დასაბუთებული გადაწყვეტილებით. რაც შეეხება საფრთხეს რაც არსებობს - საუბარია ე.წ. გამქრალ რუკებზე.მ ეს არის რუკა მასშტაბით 1-200000, რომელიც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ამ კომისიაში მიიჩნეოდა რომ რეალურად არ არსებობდა, მაგრამ ჩატარებული ჩხრეკების შედეგად ჩვენ ეს რუკა აღმოვაჩინეთ. ამიტომ, არის საფრთხე მტკიცებულებითი ხასიათის ინფორმაციის დამალვისა,"-განაცხადა მან.
ამირან გულუაშვილმა განაცხადა, რომ კომისიის საქმიანობა ფართო იყო, ხოლო ტოპოგრაფიულ მიმართულებას სწორედ ბრალდებულები ხელმძღვანელობდნენ. მისივე თქმით, ერთ-ერთ ბრალდებულს ამ მიმართულებით განათლება მიღებული არ ჰქონდა.
"კომისიის საქმიანობის და, საბოლოო ჯამში, საზღვრის შეთანხმების წინაპირობას წარმოადგენს კონკრეტული რუკა, რუკაზე მუშაობენ კონკრეტული ექსპერტები, მათ შორის, ის პირები, რომლებიც ბრალდებულები არიან. ისინი გარკვეული პერიოდის განმავლობაში საქმიანობდნენ კომისიის საქმიანობაში ამ ტოპოგრაფიულ მიმართულებას. რამდენადაც საქმის მასალებით დასტურდება, ერთ-ერთ მათგანს რაიმე სამეცნიერო ხარისხი ან ამ სფეროში რაიმე სპეციფიკური განათლება მიღებული არ აქვს. მისი უშუალო კომპეტენცია არ მიუთითებს იმაზე, რომ ის არის რუკების შედგენაში სპეციალიზებული პირი და მისი მიზანი სწორედ ის იყო, რომ როდესაც 1-200 000 მასშტაბის რუკაზე, საუბრობს და მის ავთენტურობაზე, პირველ რიგში, ექსპერტების დონეზე გადაემოწმებინა ეს საკითხი მანამ, სანამ შეაფასებდა ამ რუკის მოცემულობას,"-განაცხადა ამირან გულუაშვილმა.