საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენების ფაქტზე, ბრალდებულის სახით, ერთი პირი პასუხისგებაში მისცეს.
უწყების ცნობით, გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული, რომელიც აჭარის რეგიონში ფლობდა ყავის საწარმოს, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, ახორციელებდა სხვისი სასაქონლო ნიშნის მართლსაწინააღმდეგო გამოყენებას. კერძოდ, პროდუქციის დაფასოება-რეალიზაცია ხორციელდებოდა ერთ- ერთი ბრენდირებული ყავის სასაქონლო ნიშნის გამოყენებით.
საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ამოღებულია სხვისი სასაქონლო ნიშნის გამოყენებით დამზადებული დიდი ოდენობით მზა პროდუქცია და მის დასამზადებლად განკუთვნილი პოლიგრაფიული მასალა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 196-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით 2 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.