19 ნოემბერი 2024,   06:32
ვრცლად
შემუშავდება მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციების პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსი

მკვლევრებისა და კვლევითი ორგანიზაციების პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსი შემუშავდება. განხილვა დღეს დიპლომატიური კორპუსისა და საერთაშორისო ორგანიზაციების მონაწილეობით ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტში შედგა. კოდექსი დააწესებს სტანდარტებს კვლევითი ორგანიზაციების მუშაობაში და გაზრდის ცნობადობას ამ საკითხების მიმართ საზოგადოებაში.

"ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რამ, როგორც თვით კვლევის და მეცნიერების განვითარებისათვის, ისე დემოკრატიული მექანიზმების გაძლიერებისათვის. ასევე სამოქალაქო სექტორის განვითარებისათვის, იმიტომ, რომ პროფესიული ორგანიზაციები არის სწორედ ის ელემენტი, რომელიც დღეს სამოქალაქო საზოგადოებას აკლია," - განაცხადა ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის რექტორმა გიგა ზედანიამ.

"მოხარული ვარ, რომ დავესწარი პროფესიული ეთიკისა და ქცევის კოდექსის მიღებას. ეს არის არაერთი ორგანიზაციის სამთვიანი მუშაობის შედეგი. ამ მნიშვნელოვან პროექტს მხარს usaid უჭერდა და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი. ძალიან მნიშვნელოვანია ის შედეგები, რაც გაწეულმა სამუშაომ მოიტანა," - განაცხადა ამერიკის შეერთებული შტატების საგანგებო და სრულუფლებიანმა ელჩმა საქართველოში კელი დეგნანმა.

დღის ამბები