ფოთში "ერთიანი ნაციონალური მოძრაობის " ახალგაზრდული ორგანიზაციის წევრებმა და აქტივისტებმა საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით დაკავებულების, ივერ მელაშვილისა და იულია ილიჩოვას მხარდასაჭერი აქცია მოაწყვეს. ისინი ტრანსპარანტებით ფოთის საქალაქო სასამართლოსთან შეიკრიბნენ და თავიანთი პოზიცია დააფიქსირეს.
აქციაზე შეკრებილთ თქმით, დაკავებული ილიჩოვა და მელაშვილი უდანაშაულოები არიან და უსამართლობას ყოველთვის შეებრძოლებიან.
"სოლიდარობას ვუცხადებთ უდანაშაულო ადამიანებს, ივანიშვილის მძევლებს, რომლებიც არიან ამ ქვეყნის პატრიოტები და საპროცესო გარიგებაზეც კი არ წავიდნენ ხელისუფლებასთან და გადაწყვეტილება მიიღეს, რომ არავითარ შემთხვევაში ამ სიბინძურეში მონაწილეობას არ მიიღებენ. ადამიანი, რომელიც ამბობს, რომ ჯერ მე ვარ ქართველი, მერე ვარ ადამიანი, კაცი და შემდეგ არის ჩემთვის სხვა სამსახური, ამ კაცს ვერ გატეხავს ეს ხელისუფლება და მისი პოლიტიკური რაღაც კონიუქტურისთვის ვერ გამოიყენებს ვერავინ. ჩვენ მხარს ვუჭერთ, გვჯერა მისი უდანაშაულობის და სადაც საჭირო იქნება, ყველგან დავდგები და უსამართლობას შევებრძოლები,"- განაცხადა დარეჯან ცხვიტარიამ.
შეგახსენებთ, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრის ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დემარკაცია/დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება.