ზუგდიდში კორონავირუსი კერძო კლინიკის სამედიცინო პერსონალს, ბანკის თანამშრომელსა და ბაღის აღმზრდელს დაუდასტურდა.
"ყველა კონტაქტი, რომელიც იყო კოვიდინფიცირებულთან გამოვლენილია და თვითიზოლაციაში არის გადაყვანილი. დაიტესტა კლინიკის ყველა თანამშრომელი, ადმინისტრაციული ნაწილი კლინიკის დისტანციურ რეჟიმში აგრძელებს მუშაობას, ხოლო დანარჩენი მედპერსონალი აგრძელებს მუშაობას, რომელიც იყო სარეზერვო კლინიკის. კლინიკას ჰყავდა აქამდეც სარეზერვო მედპერსონალი, თუკი ამის საჭიროება იქნებოდა. ამ ეტაპზე კლინიკა სრულ სერვიზს ახორციელებს და ფუნქციონირებს 24 საათის რეჟიმში," - განაცხადა კლინიკა "ენელაი"-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა ბაია ემხვარმა.
სამხარეო ადმინისტრაციის ინფორმაციით, სამივე მათგანის კონტაქტების მოძიება მიმდინარეობს, უკვე მოძიებული კონტაქტები კი თვითიზოლაციაში არიან. სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებლის მალხაზ თორიას თქმით, მიმდინარეობს მუშაობა, რომ კლინიკამ ფუნქციონირება არ შეაჩეროს.
რაც შეეხება ბაღს, აქ 12 ოქტომბერს საამზრდელო დაწესებულება არ გაიხსნება.
რეგიონში ბოლო 24 საათში გამოკვლეული პირებიდან ინფექცია 14 ადამიანს დაუდგინდა, მათ შორის, ზუგდიდში, ხობში, სენაკსა და ფოთში.
მათგან 6-ის ინფიცირების წყარო უცნობია და მიმდინარეობს ღრმა ეპიდემიოლოგიური კვლევა.