7 დაღუპული 24 საათში - ასეთი მძიმე მაჩვენებელი ქვეყანაში ჯერ არ ყოფილა. გარდაცვლილთაგან ყველაზე ახალგაზრდა 51 წლის იყო, რომელიც ბათუმში მკურნალობდა. დღეს ექიმები აცხადებდნენ, რომ ლეტალობის გაზრდილ სტატისტიკასთან ერთად, გაახალგაზრდავებულია სიკვდილიანობის მაჩვენებელი.
დღითიდღე რთულდება ეპიდვითარება დედაქალაქში, სადაც ინფიცირებულთა სტატისტიკა სულ უფრო იმატებს. ამის გამო ახლა სპეციალისტები და საკოორდინაციო საბჭო მსჯელობს, გაამკაცრებს თუ არა წესებს თბილისში. პარალელურად ცნობილი ხდება, რომ ხვალ 10 ბაღი ბავშვებს ვეღარ მიიღებს.
ინფექციონისტები შიშობენ, რომ ბათუმის სცენარი, შესაძლოა, თბილისში განმეორდეს. კორონავირუსის ახალი შემთხვევების პროცენტულად ყველაზე დიდი ნაწილი ახლა უკვე დედაქალაქში ფიქსირდება.