"ევროპულ საქართველოს" სურს, რომ ამომრჩეველმა 31 ოქტომბერს უზრუნველყოს,"ქართული ოცნების" მაქსიმუმ 40 პროცენტიანი მხარდაჭერა და ოპოზიიციის საერთო ხმების რაოდენობა იყოს იმაზე მეტი, ვიდრე დამოუკიდებლად მიიღებს ნაციონალური მოძრაობა.
ეს კი ყოფილი სახელისუფლებო გუნდიდან 4 წლის წინ წამოსულებს გამოადგებათ იმისთვის, რომ კოალიციური მთავრობა მიხეილ სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე დააკომპლექტონ.
უგულავას თქმით, მთავარი ოპოზიციური პარტია სააკაშვილისა და მერაბიშვილის სავაჭრო სახლად გადაიქცა.
„ბუნებრივად ისმის კითხვა, ახლა რა ხდება? წავაგებთ? - არა რა თქმა უნდა, თუ ფხიზლად და ყალბი მითების გარეშე შევხედავთ სიტუაციას. ივანიშვილს ვერ მოვიშორებთ, სანამ ბუფერად სააკაშვილი ეყოლება აფარებული. 7 წელია ივანიშვილის თამაშია „აქეთ მე, იქეთ მიშა“. ამ დაპირისპირებაში ბიძინა იგებს, მიშას კი იმედი აქვს, რომ ოდესღაც ბიძინა ისე მობეზრდება ხალხს, რომ ადრე თუ გვიან ძალაუფლება ხელში ჩაუვარდება. ამ თამაშში ყველას თავის როლი აქვს ხალხის გარდა. ქვეყანა ჭაობში ეფლობა და მედლის ორ მხარეზე გამოსახულ "მეგატრონებს" ეს საერთოდ არ ადარდებს. გამოსავალი? ღიად და ცხადად ყოველგვარი უკანა აზრების, გარიგებების გარეშე, ღიად და გამჭვირვალედ ვთქვათ: სადაც მუშტი ბიძინას, იქვე იდაყვი მიშას. არ შევუქმნათ კოალიცია ივანიშვილის „ოცნებას“ და არ დავუჭიროთ მხარი სააკაშვილის პრემიერობას. მხოლოდ ასეა შესაძლებელი ივანიშვილის მოჯადოვებული წრის გარღვევა, რომლის, მართალია ნაკლები პასუხისმგებლობით, მაგრამ სააკაშვილიც შემოქმედია. ურჩხულთან ბრძოლაში ის სამწუხაროდ, ამ ურჩხულს დაემსგავსა. მე გული მტკივა, რომ ამის აღწერა მიწევს. „ევროპულმა საქართველომ“ და მე პირადად ყველაფერი გავაკეთეთ, რომ ოპოზიციას ზემოთაღწერილი სცენარით ებრძოლა და გაემარჯვა, მენანება ადამიანურადაც და პოლიტიკურადაც, მაგრამ ქვეყანა და მისი მომავალია მთავარი. გარდამტეხი ცვლილებები გვჭირდება, რაც ამ მოჯადოვებული წრის გარღვევას გულისხმობს.
დიახ, მთავარი ამოცანაა 1. – „ოცნება“ 40% ქვევით დარჩეს. 2. - ყველა ოპოზიცია ჯამურად იყოს „ნაცმოძრაობაზე“ მეტი 3. კოალიციური მთავრობა სააკაშვილის მონაწილეობის გარეშე. დარწმუნებული ვარ და ვიცი, როცა საქმე საქმეზე მიდგება ენმ-შიც უმრავლესობა ამ აზრზე აღმოჩნდება. სააკაშვილის პერსონალური საკითხის გამო, ივანიშვილს ხელისუფლებაში არავინ დატოვებს. იქ ბევრი პატრიოტი ადამიანია, რომელსაც ყელში აქვს ამოსული ასეთი არაადამიანური დამოკიდებულება. ეს მიღწევადია თუ არ მივიღებთ ივანიშვილის თამაშს, რომ სააკაშვილია მისი ალტერნატივა. ამ ორმა ადამიანმა თავი ქვეყანაზე მაღლა დააყენა. ხალხს აბუჩად იგდებენ, რის გამოც ხალხისგან პასუხს მიიღებენ. ჩაფლავებული „ოცნებები“ და განიავებული იდეალები. მათი ადგილი მარკესისეულ ლაბირინთშია, სადაც ყველა დროის დაუძინებელი მმართველები ძალაუფლების მარადიულ დაბრუნებას ამაოდ ელოდებიან. ხოლო ჩვენ, ვისაც ოცნება "ნაცებს" გვიწოდებს, სინამდვილეში ვართ „ვარდების რევოლუციის“ მემკვიდრეობა, ვისაც აღარ გვინდა საბჭოთა გადმონაშთები მმართველობაში, ეკონომიკაში და ყოფაცხოვრებაში, ხალხი ვინც სხვა და სხვა პარტიაში ვართ და ცივილურად შეგვიძლია თანაარსებობა.
დიახ, უცნაური არჩევნებია - წინ მუშტი ივანიშვილს და იქვე უკან იდაყვი სააკაშვილს. ესაა გამარჯვების ფორმულა დღეს“, - აცხადებს გიგი უგულავა.