საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის საქმეზე ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ნოღაიდელის გამოკითხვა დღეს ოპოზიციაში განხილვის ერთ-ერთ მთავარ თემად იქცა.
ხელისუფლების ოპონენტებში საქმეში ზურაბ ნოღაიდელის ფიგურის გამოჩენა გარკვეულ ეჭვებს იწვევს. ოპოზიციაში ამბობენ, რომ შესაძლოა ეს ერთგვარი თანამშრომლობა იყოს "ქართულს ოცნებასა" და ნოღაიდელს შორის.
პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე აცხადებს, რომ არცერთი საექსპერტო მუშაობის დროს დავით გარეჯის საკითხი არ დაყენებულა.
"არასდროს არც ერთი საექსპერტო, თუ სხვა სახის მუშაობის დროს გარეჯის საკითხი არ ყოფილა რაიმე ფორმით, ნახაზიც კი არ ყოფილა გავლებული დადასტურებული. ექსპერტული შეთანხმება, თუ შეიძლება ეს ასე ითქვას, ოღონდ ის არ დამტკიცებულა არც ერთ დონეზე, არც უდაბლეს და არც პოლიტიკურ დონეზე, არც პარლამენტში, სხვა მონაკვეთების დემარკაციაც ასევე დაუმთავრებელია.
1991 წლის მდგომარეობით, როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა - იმ მდგომარეობაში ვიმყოფებით ახლა, არაფერი დაკარგულა, არაფერი შეთანხმებულა.
არ ვიცი რა წერილზეა საუბარი და რა მიმოწერა ხდება, ფაქტია, რომ არაფერი შეთანხმებული არც ერთ დონეზე არ არის და წერილი შეიძლება ათასმა ვიღაცამ მიწეროს. არ ვიცი რა წერილია, ამ წერილის სამართლებრივი შინაარსი არის ნული," - აცხადებს პარლამენტის ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე რომან გოცირიძე.
პარტიის "ლელო საქართველოსთვის" თავმჯდომარის მამუკა ხაზარაძის განცხადებით, დავით გარეჯი არის საქართველო და "ლელო" ყველაფერს გააკეთებს იმისთვის, რომ მსგავსი საკითხები საქართველოს საკეთილდღეოდ დამთავრდეს.
"დავით გარეჯი არის საქართველო, დავით გარეჯი არის ჩვენი სული და ხორცი, ვინ ვის რა მიწერა ეს იმასთან გაარკვიეთ, შესაბამისად ჩვენ "ლელო" გავაკეთებთ ყველაფერ იმას, რომ ასეთი საკითხები ერთხელ და სამუდამოდ დამთავრდეს საქართველოს საკეთილდღეოდ," - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.