ხელვაჩაურის მერის შეურაცხმყოფელი სიტყვიერი თავდასხმა ჟურნალისტზე. ჯუმბერ ვარდმანიძე სკანდალში ეხვევა - ხელვაჩაურის არჩეულმა მერმა მის მიერ დეკლარაციაში დაუსახელებელი ქონების შესახებ ჟურნალისტის შეკითხვას გინებით უპასუხა.
სატელეფონო ჩანაწერს გამოცემა აქვეყნებს. საკითხით უკვე დაინტერესდა ჟურნალისტური ეთიკის ქარტია. ორგანიზაციაში ამბობენ, რომ ვარდმანიძემ საკუთარი პასუხისმგებლობა უნდა გაიაზროს.
"პასუხისმგებლობა, რა თქმა უნდა, პირველ რიგში არის ამ თანამდებობის პირის, რომელიც არჩეულ თანამდებობაზე იმყოფება და ვერ იაზრებს ჟურნალისტების როლს და მნიშვნელობას დემოკრატიულ სახელმწიფოში და ასეთი სიტყვებით მიმართავს მათ. ასევე, ჩვენ მოვუწოდეთ მმართველ გუნდს, გაიაზროს ის პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომელიც ამ პირის ქმედებიდან გამომდინარე, მათ აკისრიათ,“ - განაცხადა ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის საბჭოს აღმასრულებელმა დირექტორმა, მარიამ გოგოსაშვილმა.
ჟურნალ ”ბათუმელების” მთავარი რედაქტორი, ნანა კვაჭაძე ამბობს, რომ მათი მიზანი ვარდმანიძის მხრიდან ბოდიშის მოხდა არ არის, მათი სურვილი იყო, რომ მოქალაქეებს სცოდნოდათ, როგორ საუბრობს არჩეული მერი.
რაც შეეხება თავად ვარდმანიძის განცხადებას, რომ მისი გაღიზიანება ჟურნალისტის მიერ მისი შვილიშვილის ხსენებამ გამოიწვია, ნანა კვაჭაძე განმარტავს, რომ ჟურნალისტმა მერს მხოლოდ ის უთხრა, რომ მსგავსი ლექსიკით არავის არ უნდა ესაუბროს, მათ შორის არც ოჯახის წევრებს.
"ხაზგასმით მინდა გითხრათ, რომ ჟურნალისტი არ გასულა პროფესიული ჩარჩოდან, ვინც მას ესაუბრა და შვილიშვილი, რაზეც ის აპელირებს, რომ შვილიშვილი მიხსენეს, მას შეახსენეს, რომ პირველ რიგში ის არის არჩეული მერი, შემდეგ არის ლექტორი და ასევე ისიც შეახსენეს, რომ ის ასეთი ტონით და ამ ლექსიკით არ შეიძლება საკუთარ სახლში შვილიშვილებსაც ესაუბროს. მიზანი არ ყოფილა, რომ ვინმესგან ბოდიში მიგვეღო, ჩვენი სურვილი და ვალდებულება იყო, რომ ეს ფაქტი საზოგადოებას სცოდნოდა,“ - ამბობს ნანა კვაჭაძე.