თბილისის პროკურატურაში თამარ ბაჩალიაშვილის ადვოკატები საქმის მასალებს ეცნობიან. საუბარია მე-13, მე-14, მე-15 ტომებზე. როგორც ინტერესების დამცველებმა განაცხადეს, არც ერთი მათი შუამდგომლობა არ დაკმაყოფილდა.
ბაჩალიაშვილის ოჯახი ჩატარებულ ექსპერტიზებს არასრულს უწოდებს.
"არასრულია ექსპერტიზა, დღემდე ველოდებით "ფეისბუკის" შინაარსობრივს, WhatsApp-დან ლოკაციებს და ძალიან ბევრ ინფორმაციას. ჩვენ პასუხად მივიღეთ, რომ ის ინფორმაცია, რაც იყო დაცული კომპიუტერში და ტელეფონში, ამოუღიათ სრულად ექსპერტებს და ამიტომ, გამოძიება საჭიროდ აღარ თვლის ჩვენი მოთხოვნა დააკმაყოფილოს,"- აცხადებს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი მიხეილ რამიშვილი.
თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი ფიქრობს, რომ პროკურატურას საქმე დასასრულისკენ მიჰყავს.
"ვფიქრობ საქმე მიყავთ დასასრულისკენ, რომ ეს რიგითი თვითმკვლელობა იყო და აპირებენ საქმის დახურვას. ეს ემსახურება იმას, რომ ჩვენ შუამდგომლობაზე უარი გვაქვს მიღებული. პროკურატურა თავისი პირველადი ვერსიით აპირებს საქმის ბოლომდე მიყვანას," - აღნიშნავს თამარ ბაჩალიაშვილის ოჯახის ადვოკატი ეკა ქობესაშვილი.