19 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
ჩვენ ვიმყოფებით უღელტეხილზე - ეკატერინე ტიკარაძე

ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი "დღის კურიერის" ეთერში ამბობს, რომ ინფიცირების  რაოდენობა, რომელიც დღეს საქართველოში ფიქსირდება, იმ მოლოდინს შეესაბამება, რომელიც წინასწარ არსებობდა და ქვეყანა ამას მომზადებული შეხვდა.

ეკატერინე ტიკარაძე აჭარის რეგიონში არსებულ ვითარებაზე საუბრობს და ამბობს, რომ შავი ზღვისპირეთში დამატებითი შეზღუდვების მიღების საჭიროება ამ ეტაპზე არ დგას, თუმცა აუცილებლობის შემთხვევაში დამატებითი ღონისძიებები მიღებული იქნება.

"თქვენ იცით, რომ ბოლო ორი კვირის მანძილზე ჩვენ აჭარაში გვაქვს საკმაოდ მკაცრი შეზღუდვები, სწორედ ამ მკაცრმა შეზღუდვებმა გამოიღო ის შედეგი, რომ ჩვენ უკვე ვაკვირდებით ბოლო ერთი კვირის მანძილზე დასტაბილურებულ რიცხვს ინფიცირებულებისას, რომლებიც არიან ის საკონტაქტო პირები, რომლებიც უკვე ინფიცირებულები იყვნენ და აქედან გამომდინარე, დამატებით შეზღუდვებზე მსჯელობა, ჯერჯერობით, არ მიმდინარეობს. თუმცა, საჭიროების შემთხვევაში, დამატებით ღონისძიებებიც იქნება მიღებული. ამ ეტაპისთვის, ვაიდენტიფიცირებთ შემდეგ საჭიროებას, რომ გავზარდოთ საწოლ ფონდი აჭარაში და დღეის მდგომარეობით, უკვე აჭარის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მოხდება დამატებით 50 საწოლის დამატება, ხოლო სხვა კლინიკები, რომლებიც ასევე არიან კოვიდ მართვაში ჩართულები, აჭარაში რეგიონში და კერძოდ ბათუმში, მათი მხრიდან მოხდება 30-მდე რეანიმაციული საწოლის დამატება, რაც ამ ეტაპისთვის და იმ რიცხვისთვის, რომელიც დღეს დღეობით გვაქვს აჭარის რეგიონში, სრულიად ფარავს საჭიროებას,“ - ამბობს ეკატერინე ტიკარაძე.

კითხვაზე - რამდენი დაწესებულება გახდება კოვიდმიმღები საავადმყოფო, ეკატერინე ტიკარაძის თქმით, არის გეგმა, რომ ათვისებული იყოს 39 საავადმყოფოში არსებული საწოლფონდის სრული მოცულობა, ხოლო ამის შემდეგ უკვე დაიგეგმება დამატებითი ჰოსპიტალური ჩართვა.

ტიკარაძის თქმით, საქართველოში ჰოსპიტალური ქსელის რესურსი არის საკმაოდ ფართო, აქედან გამომდინარე, დამდგარი საჭიროების მიხედვით, საწოლფონდის გაფართოების საშუალება აქვს.  

მინისტრი ვირუსის დინამიკის შეფასებისას ამბობს, რომ "ქვეყანა  უღელტეხილზე იმყოფება."

დღის ამბები