ქუთაისში "ევროპული საქართველოს" ოფისის დარბევა სცადეს. ინფორმაცია ბრიფინგზე ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატმა ოთარ კახიძემ გაავრცელა.
მისი თქმით, დღეს აღმოაჩინეს, რომ ოფისის კედელზე განთავსებული ბანერი დაზიანებული იყო, სათვალთვალო კამერების ჩანაწერებში კი ჩანს, როგორ მიდის ახლგაზრდა მამაკაცი და მინას ქვებს ესვრის.
ოთარ კახიძის თქმით, მამაკაცი იდენტიფიცირებულია, ადგილზე უკვე იმყოფებოდნენ სამართალდამცველები. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მომხდარს არჩევნებს უკავშირებს და აცხადებს, რომ წინასაარჩევნო პერიოდი დაძაბული იქნება.
მისივე თქმით, "ქართული ოცნების" მიერ არ ხდებოდა სათანადო რეაგირება, რაც აქტივისტებისთვის ერთგვარი წახალისებაა და იმედოვნებს, რომ სამართალდამცველები ამ შემთხვევაში სათანადოდ ზომებს მიიღებენ.