19 ნოემბერი 2024,   06:47
ვრცლად
"ჩვენ გვგონია, რომ სამართალი იზეიმებს და ამ უდანაშაულო ხალხს გამოუშვებენ" - ივერი მელაშვილის მეუღლე

პროკურატურაში საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის საქმეში ბრალდებული ივერი მელაშვილის ადვოკატი, რამდენიმე საათია, პროკურატურაში იმყოფება. ივერი მელაშვილის ადვოკატი პროკურატურაში სისხლის სამართლის საქმის მასალებს ეცნობა. 

როგორც ადვოკატმა საგამოძიებო უწყებაში შესვლამდე განაცხადა, ის კარტოგრაფიული მასალის შესწავლას გეგმავს. ასევე, გაეცნობა დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილი წევრებისა და თავმჯდომარეების ჩვენებებს და რუკებს, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში დევს.

დღეს პროკურატურასთან იმყოფებოდა ივერი მელაშვილის მეუღლეც, რომელიც, როგორც მისი მეუღლის, ასევე - ნატალია ილიჩოვას უდანაშაულობაში დარწმუნებულია.

"უდანაშაულო ხალხია, არავითარი მტკიცებულება არ არის, არაფერი ისეთი არ არის, რაც მათ ბრალეულობას ამტკიცებდეს. თვითონ სასამართლოზევე ჩანდა, რომ არავითარი ბრალეულობა არ არის და ჩვენ გვგონია, რომ სამართალი იზეიმებს და ამ უდანაშაულო ხალხს გამოუშვებენ,“ - ამბობს ივერი მელაშვილის მეუღლე, თამარ სულაძე.

მეორე დაკავებული ნატალია ილიჩოვა დღეს ადვოკატებმა მოინახულეს. ინტერესების დამცველები ამბობენ, რომ ბრალდებულთან საქმის მასალები განიხილეს.

ადამიანის უფლებათა ცენტრის” იურისტი, ნესტან ლონდარიძე ნატალია ილიჩოავს უდანაშაულობაში დარწმუნებულია და ამბობს, რომ ამის დამტკიცებას ყველანაირად შეეცდება.

"საქმის მასალებს შესწავლა მიმდინარეობს ჩვენ მიერ დეტალურად და თავს შევიკავებთ იმ საკითხების დასახელებისგან, რაზეც მოხდა გასაუბრება. ამ ეტაპზე, ვათანხმებთ პოზიციებს.

ნატალია ილიჩოვა თავს გრძნობს უდანაშაულოდ, მე, როგორც მისი უფლებადამცველი ადვოკატი, ღრმად ვარ დარწმუნებული მის უდანაშაულობაში და ჩვენ ყველანაირად შევეცდებით ამის დადასტურებას. ის ინფორმაცია, რაც აქვს ნატალია ილიჩოვას, ამის დაფარვა არც აქამდე უცდია და არც ახლა აპირებს, აბსოლუტურად გახსნილია ამასთან მიმართებაში. თანამშრომლობა სხვა კუთხით თუ მოიაზრება, რა თქმა უნდა, ეს ამ ეტაპზე არ განიხილება,“-  განაცხადა ნესტან ლონდარიძემ.

დღის ამბები