საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დაკავებულ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ყოფილ წევრებს, ივერ მელაშვილსა და ნატალია ილიჩოვას არ იცნობს და, სავარაუდოდ, არც არასდროს შეხვედრია.
მისი თქმით, საქართველოს საზღვრის დადგენის საკითხში მხოლოდ უშიშროების საბჭოს სხდომების ფარგლებში იყო ჩართული.
"უნდა ითქვას, რომ ჩემი გამოკითხვა, მგონი, არ ეხებოდა ექსპერტების დაკავებას, რადგან მე იმ ხალხს არ ვიცნობ, არასდროს შევხვედრივარ და არც მათი საქმიანობის დეტალებს არ ვიცნობ. ჩემი გამოკითხვა ამ ჩემი წერილის ირგვლივ იყო.
ჩემი სურვილია, რომ ჩემდა უნებურად არ გავხდე დღევანდელი საარჩევნო და პოლიტიკური პროცესის მონაწილე და მაქსიმალურად ავარიდებ თავს პარტიულ თუ პოლიტიკურ კომენტარებს.
მე პირადად, საქართველოს საზღვრების დადგენის საკითხს განვიხილავდი მხოლოდ, როგორც უშიშროების საბჭოს წევრი, საბჭოს სხდომების ფარგლებში. მართალი რომ გითხრათ, ვინ იყო მომხსენებელი არ მახსოვს, მაგრამ, ალბათ, კომისიის ერთ-ერთი ხელმძღვანელი იყო. ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას საერთოდ არ ვიცნობ, არ შევხვედრივარ. არ მახსოვს, იყვნენ თუ არა ოდესმე იმ უშიშროების სხდომაზე, რომელსაც მე ვესწრებოდი,"-განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც გამოიკითხა.
როგორც ირკვევა, 2005 წლით დათარიღებულ დოკუმენტში, როდესაც ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, აზერბაიჯანელ კოლეგას წერილი გაუგზავნა, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საქართველოს მაშინდელი პრემიერი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებს.