საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ზურაბ ნოღაიდელმა "დღის კურიერის" ეთერში განაცხადა, რომ დავით გარეჯთან დაკავშირებით, 1938 წლის რუკის შესახებ ინფორმაცია არ ჰქონდა.
მან აღნიშნა, რომ მსგავსი ინფორმაციის შემთხვევაში, ამას აუცილებლად გამოიყენებდა აზერბაიჯანთან საზღვრის დადგენისას გამართულ მოლაპარაკებებში საქართველოს პოზიციის გასამყარებლად.
"მხოლოდ ამ მედიის და ამ გამოძიების შედეგად გავიგე ამ რუკის შესახებ. ამის შესახებ არასდროს არ მსმენია. ასეთი ინფორმაცია არა მარტო უშიშროების საბჭოს იმ სხდომაზე, არამედ არასდროს, როდესაც მე ვიყავი პრემიერი და მეტიც, არც მერე, 13 წელია გასული, დღემდე არ მსმენია და არ მიმიღია ინფორმაცია, რომ არსებობდა დამატებითი დოკუმენტები. ხარვეზიანი რუკაც რომ ყოფილიყო და რამე ინფორმაცია მქონოდა თავის დროზე, ცხადია, ამ ინფორმაციას მაშინვე გამოვიყენებდი და არ დაველოდებოდი დღევანდელ დღეს. ჩემთვის რომ ცნობილი ყოფილიყო ინფორმაცია, რომ არსებობს რუკა, მივიღებდი ზომებს, რომ ბევრად უფრო მეტი არგუმენტი გვქონოდა მოლაპარაკებებში. თუმცა, კარგად უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს მეზობელ და მეგობარ აზერბაიჯანთან ეს პროცესი უნდა გადაწყდეს დისკრეტულად,"-განაცხადა ზურაბ ნოღაიდელმა.
შეგახსენებთ, რომ დავით გარეჯის საკითხთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების ფარგლებში ყოფილი პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელიც გამოიკითხა.
როგორც ირკვევა, 2005 წლით დათარიღებულ დოკუმენტში, როდესაც ზურაბ ნოღაიდელი პრემიერ-მინისტრის თანამდებობას იკავებდა, აზერბაიჯანელ კოლეგას წერილი გაუგზავნა, სადაც დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსს საქართველოს მაშინდელი პრემიერი აზერბაიჯანის ტერიტორიად მოიხსენიებს.
იქამდე, საქართველოს ტერიტორიების საწინააღმდეგოდ ჩადენილი ქმედების ბრალდებით საქართველო-აზერბაიჯანის დელიმიტაცია-დემარკაციის კომისიის ორი ყოფილი წევრი, ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა, დააკავეს.
პროკურატურის ბრალდებით, კომისიის ყოფილი წევრები საზღვრების დელიმიტაციის პროცესში 1970-80-იან წლებში გამოცემულ რუკებზე დატანილი საზღვრის ხაზებით ხელმძღვანელობდნენ, რაც ჩვენი ქვეყნის ისტორიულ საზღვარს არსებითად ეწინააღმდეგება. სამართალდამცველებმა ჩხრეკისას 1938 წლის რუკა ამოიღეს, რომელზეც, გამოძიების ცნობით, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსი საქართველოს ტერიტორიაზე იყო მოხვედრილი.