სამაუწყებლო კომპანია "რუსთავი 2-ის" დაკვეთით ბრიტანული კომპანია Survation-ის მიერ ჩატარებულ კვლევას და მის შედეგებს პოლიტიკური შეფასებები მოჰყვა როგორც საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენლების მხრიდან, ასევე ოპოზიციის მხრიდანაც.
პარლამენტის დიდუბე-ჩუღურეთის მაჟორიტარი დეპუტატობის დამოუკიდებელი კანდიდატი ანა დოლიძე მიიჩნევს, რომ კვლევაში ასახული შედეგები საზოგადოებაში არსებულ რეალობას არ შეესაბამება.
"სამწუხაროდ კვლევები საქართველოში ტელევიზიების მხრიდან დაკვეთილი იქცა პროპრაგანდის ინსტრუმენტად. თითქმის ყველა მონაცემი ყველა მაჟორიტარული ოლქების არის მომატებული ერთადერთი მიზნით, რომ დაარწმუნოს ხელისუფლება და ბიძინა ივანიშვილი, რომ იყოს მშვიდად, რომ მაჟორიტარული ოლქები მოგებული აქვს "ქართულ ოცნებას" და ეს სამწუხაროდ იქნება ძალიან სერიოზული სიურპრიზი ხელისუფლებისთვის იმიტომ, რომ ეს მონაცემი ხალხის განწყობას და რეალობას არ შეესაბამება," – აცხადებს ანა დოლიძე.
შეგახსენებთ, "რუსთავი 2-ის" ეთერში მაყურებელმა კვლევის შედეგი ისევ 6 ოლქში გუშინ ნახა. დიდუბე-ჩუღურეთში, ზუგდიდში, ახალციხე-ბორჯომი-ადიგენი-ასპინძაში, ახალქალაქი-ნინოწმინდაში, ქობულეთისა და ტყიბული-თერჯოლა-ზესტაფონი-ბაღდათში გამოიკითხა 1808 რესპოდენტი. საველე სამუშაოები ჩატარდა 21 სექტემბრიდან 10 ოქტომბრამდე პერიოდში. კვლევის ცდომილებაა 6%. Survation-მა სამუშაოების დროს დათვალა მხოლოდ იმ რესპოდენტების პასუხები, რომლებიც ნამდვილად მიდიან არჩევნებზე. ამ კვლევების თანახმად ლიდერობს მმართველი პარტია, პროცენტული მაჩვენებელი კი 56-დან 66%-მდე მერყეობს.