ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ინტერვიუს, რომელიც მან "რუსთავი2"-ს მისცა, ოპოზიციური სპექტრში მწვავე გამოხმაურება მოჰყვა. "ევროპული საქართველოს" ლიდერი გიგა ბოკერია მიიჩნევს, რომ საქმის დეტალებზე მსგავსი საუბრის მიზანი მოქალაქეების დაბნევაა, რეალურად კი დანაშაული, რომელსაც საზღვრის დამდგენი კომისიის წევრებს დავით გარეჯთან დაკავშირებით აბრალებენ არც მომხდარა.
გიგა ბოკერიას თქმით, დავით ხიდაშელი ივანიშვილთან შეთანხმებით მოქმედებს.
"ეს განცხადება კიდევ ერთი დასტურია იმისა, როგორ ერთ სულ და ერთ ხორც არიან ივანიშვილის რეჟიმი და პუტინის რეჟიმთან დაკავშირებული ამ ტიპის ფიგურები. როგორ უტიფრად ხდება სიცრუის ნიაღვრით საზოგადოებისთვის სიტუაციის აღრევა.
ამაზე სერგი კაპანაძეს ჰქონდა მკაფიო გზავნილი და ყველას ვურჩევ ნახოს, ფაქტებიც არის დალაგებული დეტალურად ამ რუკებთან დაკავშირებით, ოღონდ ამ დეტალებზე ბევრი საუბარი და ეს ამბები არის ამ რეჟიმის ამოცანა, რომ მოქალაქეები დაიბნენ ამდენ დეტალს შორის. მთავარი არსი მდგომარეობს იმაში, რომ რაშიც ამ ხალხს ბრალს დებენ, ის არც კი მომხდარა. არც მოტივი არსებობს, არც ფაქტი დანაშაულის, რაშიც ცრუ ბრალდებით მათ ბრალს სდებენ," - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
"სტრატეგია აღმაშენებლის" ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ "ქართული ოცნება" სახელმწიფო ინტერესებზე მაღლა პარტიულ ინტერესებს აყენებს და მიმდინარე პროცესებს დადგმულ შოუს უწოდებს.
"როგორც კი გავხდები ქვეყნის პრემიერი პირობას ვაძლევ ყველას, საზოგადოებრივი კომისია შეიქმნება და ყველაფერს დავადგენთ ხალხის, სპეციალისტების და ექსპერტების ჩართულობით და არა პროკურატურის ჯურღმულებში, რომელის პოლიტიკურ დავალებებს ასრულებს," - აღნიშნა გიორგი ვაშაძემ.
ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რამდენიმე ათეული რუკა მოიძია, პირველად "რუსთავი 2"- ის ეთერში თქვა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების სადავო ტერიტორიების გადახედვის გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანი იყო რუსეთის "როსრეესტრის" არქივიდან ამოღებული რუკები და მათი შედარება წარსულში შედგენილ არაერთ დოკუმენტთან. ექსკლუზიურ ინტერვიუში დავით ხიდაშელი ყვება სად, როგორ და როდის აღმოაჩინა ის მასალა, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ 1920 წლიდან დღემდე ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული საზღვრები შეუთანხმებელია. რაც შეეხება რუკას, რომლის გამოუყენებლობასაც ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ედავებიან - ამ რუკის დედანი ვერც დავით ხიდაშელმა იპოვა. ერთადერთი საბუთი, რომლითაც ქართველი ბიზნესმენი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვარი 1938 წელს გადიოდა უდაბნოს ქედს ქვემოთ, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარიატის მოწვევა, სადაც კომისარი გოგლიძე ცენტრალურ ჯგუფს სთხოვს შეხვედრას და რესპუბლიკებს შორის საზღვრების დადგენას. 82 წლის წინ მხარეები შეთანხმდნენ ზუსტი მასშტაბის რუკის შედგენაზე, რომელიც წესით 1938 წლის პირველ ივნისს უნდა გამოცემულიყო. დავით ხიდაშელმა რუკის ორიგინალს ვერ, მაგრამ მიაგნო ოფიციალური შეხვედრის დოკუმენტზე მიმაგრებულ თანდართულ საბუთს, სადაც ასევე ასახულია, რომ ქართული ეკლესიის სამი სალოცავი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებში მოექცა.