19 ნოემბერი 2024,   06:26
ვრცლად
დავით ხიდაშელს წარმოდგენილი აქვს უშველებელი რაოდენობის მასალა, რომ იმ ჯგუფის პოლიტიკა ვინც დღეს მას უტევს მოღალატეობრივი იყო - გია ვოლსკი   

კრიტიკულ შეფასებას, რომელიც ბიზნესმენ დავით ხიდაშელის ინტერვიუს ოპოზიციურ სპექტრში მოჰყვა, კრიტიკული განცხადებებით პასუხობენ მმართველ გუნდში. გიორგი ვოლსკი ამბობს, რომ დავით ხიდაშელის მიერ წარმოდგენილი მასალები ყოფილი ხელისუფლების მოღალატეობრივი პოლიტიკას ადასტურებს.

"ეს დანარჩენები რა ემოციით, ან რა პასუხისმგებლობით, ან რა ზნეობრივი უფლებით უპირისპირდებიან იმას, რასაც საქართველოს ისტორია ჰქვია და რასაც ჰქვია ჩვენი სიმბოლო, ჩვენი რწმენის, თუნდაც ათეისტების და სხვა რელიგიების მიმდევრებისთვის, ეს არის უზნეოთა დაპირისპირება და ზნეობაზე შეტევის მიტანა, ამ შემთხვევაზე ხომ დავით ხიდაშელი მარტო არ არის? დავით ხიდაშელი ხომ ბრტყელ-ბრტყელ ცარიელ სიტყვებს არ ამბობს და აკადრებს ჩვენ საზოგადოებას. წარმოდგენილი აქვს უშველებელი რაოდენობის მასალა დამადასტურებელი იმისა, რომ ქცევა, საქციელი, პოლიტიკა იყო მოღალატეობრივი იმ ჯგუფისა, ვინც დღეს მას უტევს და უტევს ისეთი აბსურდული არგუმენტებით, რომელიც ხანდახან დაგაფიქრებს ადამიანს, რომელსაც არ აქვს შეხება ქართულ პოლიტიკასთან, მაგრამ ვინც იცის ვისთან გვაქვს საქმე, აი ამ სადისტური მმართველობის მესვეურებთან, კიდევ დამატებით ამათმა ჩამოიკიდონ ეს უშველებელი ცოდვა, არ აღიარონ მაინც,"- განაცხადა გიორგი ვოლსკიმ.

ბიზნესმენმა დავით ხიდაშელმა, რომელმაც დავით გარეჯთან დაკავშირებით საქართველოსა და სხვა ქვეყნებში რამდენიმე ათეული რუკა მოიძია, პირველად "რუსთავი 2"- ის ეთერში თქვა, რომ საქართველო-აზერბაიჯანის საზღვრების სადავო ტერიტორიების გადახედვის გადაწყვეტილებისთვის, მნიშვნელოვანი იყო რუსეთის "როსრეესტრის" არქივიდან ამოღებული რუკები და მათი შედარება წარსულში შედგენილ არაერთ დოკუმენტთან. ექსკლუზიურ ინტერვიუში დავით ხიდაშელი ყვება სად, როგორ და როდის აღმოაჩინა ის მასალა, რომლის მიხედვითაც გაარკვია, რომ 1920 წლიდან დღემდე ორ ქვეყანას შორის ტერიტორიული საზღვრები შეუთანხმებელია. რაც შეეხება რუკას, რომლის გამოუყენებლობასაც ივერი მელაშვილს და ნატალია ილიჩოვას ედავებიან - ამ რუკის დედანი ვერც დავით ხიდაშელმა იპოვა. ერთადერთი საბუთი, რომლითაც ქართველი ბიზნესმენი ცდილობს დაამტკიცოს, რომ ჩვენი ქვეყნის საზღვარი 1938 წელს გადიოდა უდაბნოს ქედს ქვემოთ, არის შინაგან საქმეთა სამინისტროს კომისარიატის მოწვევა, სადაც კომისარი გოგლიძე ცენტრალურ ჯგუფს სთხოვს შეხვედრას და რესპუბლიკებს შორის საზღვრების დადგენას. 82 წლის წინ მხარეები შეთანხმდნენ ზუსტი მასშტაბის რუკის შედგენაზე, რომელიც წესით 1938 წლის პირველ ივნისს უნდა გამოცემულიყო. დავით ხიდაშელმა რუკის ორიგინალს ვერ, მაგრამ მიაგნო ოფიციალური შეხვედრის დოკუმენტზე მიმაგრებულ თანდართულ საბუთს, სადაც ასევე ასახულია, რომ ქართული ეკლესიის სამი სალოცავი ნამდვილად ჩვენი ქვეყნის ტერიტორიებში მოექცა.

დღის ამბები