საგანგებო სიტუაციების კოორდინაციის ცენტრის სამედიცინო უზრუნველყოფის და მართვის დეპარტამენტის უფროსი ამირან გოგიტიძე "დღის კურიერში" სტუმრობისას განმარტავს, რატომ აგვიანებენ სასწრაფო დახმარების ეკიპაჟები გამოძახებაზე.
როგორც გოგიტიძე აცხადებს, ისეთ პაციენტებთან, ვისაც ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, სასწრაფო დახმარების ჯგუფები ოპერატიულად მიდიან.
"კოვიდინფიცირებული პაციენტი ყოველთვის, პირველ რიგში, არ წარმოადგენს ისეთ პაციენტს, რომელსაც სჭირდება გადაუდებელი სამედიცინო მომსახურება, ანუ სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადები პირველ რიგში, ოპერატიულად, დაგვიანებისა და შეფერხების გარეშე ემსახურებიან გადაუდებელი სამედიცინო დახმარების საჭიროების მქონე პაციენტებს, რაც ნიშნავს იმას, რომ ასეთ შემთხვევებზე, სასწრაფო დახმარების ბრიგადები მიდიან ოპერატიულად. რაც შეეხება ისეთი პაციენტების ჯგუფს, რომლებიც პირველადი ტრიაჟის შემდეგ მიიჩნევიან მსუბუქი სიმპტომატიკის მქონე პაციენტებად, ანუ მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას არ ემუქრება არანაირი საფრთხე, თუ სასწრაფო დახმარების ჯგუფი მივა მყისიერად, თუმცა ჩვენ არ ვსაუბრობთ იმაზე, რომ ყველა შემთხვევაზე დაგვიანებით მიდის სასწრაფო დახმარება ასეთ პაციენტებშიც კი, უბრალოდ, გარკვეულ პერიოდებში შესაძლებელია ის, რომ ასეთი ჯგუფის პაციენტებთან მოხდეს გარკვეული გახანგრძლივებით რეაგირება. კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომლებსაც აღენიშნებათ მსუბუქი სიმპტომები და მათ სიცოცხლეს რაიმე სახის საფრთხე არ ემუქრება. ხოლო ისეთ პაციენტებზე, ვისაც ესაჭიროება გადაუდებელი სამედიცინო დახმარება, ვინც წარმოადგენს საყურადღებო პაციენტებს აუცილებლად სასწრაფო დახმარების ჯგუფები მიდიან ოპერატიულად," - აღნიშნა ამირან გოგიტიძემ.
წამყვანმა გოგიტიძეს ასევე ჰკითხა, აჭარიდან მიღებული ინფორმაციის შესახებ, რომ სულ 13 სასწრაფო დახმარების ბრიგადა ემსახურება ბათუმს, სადაც ინფიცირებულთა რაოდენობა მაღალია.
"ჩვენ გამოძახების მართვას ვახორციელებთ გეოგრაფიულად, ახლოს მდებარე ბრიგადების პრინციპით. რაც ნიშნავს იმას, რომ თუკი ეს 13 ბრიგადა იქნება დაკავებული იმ გამოძახებებზე, რომლებიც გვაქვს ბათუმში, მოხდება მომიჯნავე რაიონებიდან ბრიგადების რეაგირება და გადასროლა მიმდინარე რეჟიმში, რაც ნიშნავს იმას, რომ კონკრეტულ რაიონში არსებული ბრიგადების ლიმიტით არ შემოვიფარგლებით. ჩვენ გვაქვს რეაგირების სქემები," - განაცხადა გოგიტიძემ.
გარდა ამისა, გოგიტიძეს გადაცემის წამყვანმა ჰკითხა, იმ გავრცელებული ინფორმაციის შესახებ, რომ გარკვეული კლინიკები სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრთან მოლაპარაკებულები არიან, რათა პაციენტების ჰოსპიტალიზაცია მათთან მოხდეს. აღნიშნულ ინფორმაციას, გოგიტიძე სიცრუეს უწოდებს.
"პაციენტების ჰოსპიტალიზაცია ხდება უახლოესი სერვისების მქონე კლინიკაში," - განაცხადა გოგიტიძემ.