ქვეყანაში კოვიდინფიცირებულთა რეკორდულ ზრდას მთავრობა რეგულაციების გამკაცრებით პასუხობს. თბილისსა და იმერეთში ხვალიდან რესტორნები და სხვა გასართობი დაწესებულებები ღამის 22:00 საათამდე იმუშავებენ. გადაწყვეტილება დღეს მთავრობის სხდომაზე მიიღეს.
პრემიერ-მინისტრის თქმით, შეზღუდვა ვირუსის გავრცელების სისწრაფეს შეანელებს. გიორგი გახარია ვარაუდობს, რომ უახლოეს დღეებში ინფიცირებულთა რაოდენობა დღე-ღამეში 1000-იან ნიშნულს გადააჭარბებს.
"კურიერი" სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს ქუთაისსა და თბილისში გაესაუბრა. როგორც რესტორნების მფლობელები აღნიშნავენ, შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე ისინი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებას გაგებით ეკიდებიან, თუმცა მოსალოდნელ ფინანსურ ზარალზე საუბრობენ და ამბობენ, რომ ამ შემთხვევაში მომხმარებლების 70-80%-ს დაკარგავენ. კერძო ბიზნესის წარმომადგენლების თქმით, რესტორნებსა და გასართობ ობიექტებს მომხმარებლის 80% სწორედ საღამოს 10 საათიდან სტუმრობს.