საქართველოს საპატრიარქო განცხადებას აქვეყნებს, სადაც ნათქვამია, რომ დავით გარეჯი ქართული მიწაა, ხოლო თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს დანაშაულია.
წერილში აღნიშნულია, რომ ამ თემაზე საუბარი იყო 23 სექტემბერს, როდესაც ილია II და მღვდელმთავრები თავდაცვის მინისტრს შეხვდნენ.
ირკვევა, რომ შეხვედრაზე ირაკლი ღარიბაშვილმა პატრიარქს ბოლო დროს მოპოვებული კარტოგრაფიული მასალა გააცნო, კერძოდ, ის დოკუმენტაცია, რომელიც დავით ხიდაშელმა სხვადასხვა ქვეყნის არქივებსა და შესაბამის უწყებებში მოიპოვა და საქართველოში ჩამოიტანა. ასევე, შესაბამისი ექსპერტების მიერ მომზადებული დასკვნებიც.
"მოგეხსენებათ, ბოლო ორი წლის განმავლობაში, დავით გარეჯთან მიმართებაში გამწვავებული ურთიერთობის გამო, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა არაერთი განცხადება გააკეთა და წერილობითაც მიმართა აზერბაიჯანის სულიერ ლიდერს, ასევე სთხოვა ჩვენს ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმა, რათა ჩვენი უმნიშვნელოვანესი სულიერ-კულტურული ცენტრი და დიდი სიწმინდე ვინმესთვის კითხვის ნიშნის ქვეშ არ დამდგარიყო.
ამიტომაც, ბუნებრივია, ჩვენც გადმოგვეცა მოპოვებული რუკების ასლები, რაც მეტად მნიშვნელოვან მოვლენად მიგვაჩნია.
არაერთხელ აღგვინიშნავს, რომ ჩვენ არ ვიჭრებით სამართლებრივ სფეროში. ეს ჩვენი თემა არ არის. თუმცა, ზოგადად, ყოველთვის ვამბობდით და ახლაც ვიტყვით, რომ დავით გარეჯი არის ქართული მიწა და თუ ადგილი ჰქონდა ტერიტორიების უკანონო გასხვისებას, ეს არის დანაშაული ერისა და ქვეყნის წინაშე.
დღეს, არჩევნების წინ ამ თემის წინ წამოწევა ეკლესიას საერთოდ არ უკავშირდება. ჩვენი მხრიდან სათქმელი ითქვა მაშინ, როდესაც ფაქტების დამადასტურებული დოკუმენტები მივიღეთ,"- ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.